People-First AI Fund პროგრამის სიახლეები

საწყის ვალდებულებას 9,5 მილიონი დოლარის გრანტებით ვასრულებთ, 2026 წელს კი დამატებით 50 მილიონ დოლარს გამოვყოფთ.

ავტორი: OpenAI Foundation

2025 წლის სექტემბერში OpenAI Foundation-მა 50 მილიონი დოლარის მოცულობის პროგრამა, სახელად People-First AI Fund (ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ფონდი), შექმნა ინოვაციებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გადაკვეთაზე მომუშავე არაკომერციული და მისიაზე ორიენტირებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ეს ფონდი ასახავს ჩვენს რწმენას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ თემებმა, პედაგოგებმა, მშრომელებმა, პაციენტებმა და ოჯახებმა, რომლებსაც ამ ხელსაწყოებით პრაქტიკული და ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლიათ.

ღია კონკურსის შემდეგ ფონდმა 2025 წლის დეკემბერში გრანტების პირველი ნაკადი გასცა: 40,5 მილიონი დოლარის შეუზღუდავი გრანტები მიიღო შეერთებული შტატების მასშტაბით მოქმედმა 208 სათემო ორგანიზაციამ, რომლებიც ადგილობრივი თემების გაძლიერებასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობენ.

დღეს ვაცხადებთ მეორე დარჩენილი ნაკადის შესახებ: 9,5 მილიონი დოლარის გრანტები ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმ სფეროებში შედეგების მისაღწევად, რომლებში ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.

ფონდმა 2026 წელს People-First AI Fund პროგრამას კიდევ 50 მილიონი დოლარი გამოუყო, ახალი განაცხადების მიღებას კი 2026 წლის 15 ივნისს დაიწყებს. ეს ჩვენი უფრო ფართო ვალდებულების ნაწილია: მომდევნო წლის განმავლობაში სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი ჩავდოთ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და დაავადებების განკურნებაში, სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ გავლენაში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ცვლილებებისადმი მედეგობაში და სხვა პროგრამებში, რომელთა შესახებაც მოგვიანებით გამოვაცხადებთ.

ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ჯანმრთელობა ერთ-ერთ მთავარ თემად გამოიკვეთა ფონდის პირველ ნაკადში — როგორც თემების მიერ დასახელებულ გამოწვევებში, ისე ორგანიზაციების მიერ შესწავლილ გადაწყვეტებში. თემებში ჯანმრთელობის შედეგებს განსაზღვრავს სამეცნიერო აღმოჩენების, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, სანდო მომსახურების სისტემებისა და ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედი ეკონომიკური რეალობის ურთიერთქმედება.

დღეს გამოცხადებული გრანტები ამ სურათს სრულად ასახავს: დაწყებული სამედიცინო სისტემის მიღმა დარჩენილი ოჯახებისთვის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაჩქარებით, გაგრძელებული იმ სანდო დაწესებულებების გაძლიერებით, რომლებიც თემებს სამედიცინო მომსახურებასთან აკავშირებენ, და დასრულებული ისეთი დაბრკოლებების აღმოფხვრით, როგორიცაა სამედიცინო დავალიანება და ფინანსური დაუცველობა — ფაქტორები, რომლებიც ხშირად თავად განსაზღვრავს ჯანმრთელობას.

ჩვენი მისიაა, საავადმყოფოს ფინანსური დახმარება ყველასთვის ცნობილი, მარტივად ხელმისაწვდომი და სამართლიანი გავხადოთ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგვიძლია 9-ჯერ მეტ პაციენტს მოვემსახუროთ და 1 მილიარდი დოლარის სამედიცინო დავალიანება გავაუქმოთ. ეს მხოლოდ აბსტრაქტული რიცხვი არ არის. ეს რეალური თანხაა, რომელიც თემებს უბრუნდება ისეთი აუცილებელი საჭიროებებისთვის, როგორიცაა ქირა, სურსათი და ბავშვზე ზრუნვა — ყველაფერი ის, რაც ადამიანების ცხოვრებას ძირეულად ცვლის.
—ჯარედ უოკერი, Dollar For-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
არსებული მედიკამენტების ახალი დანიშნულებით გამოყენება საჭირო ადამიანებამდე მკურნალობის მიტანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ხარჯთეფექტიანი გზაა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახლა შეგვიძლია, გამოვავლინოთ მედიკამენტებისა და დაავადებების ყველაზე პერსპექტიული შესაბამისობები და გავაძლიეროთ კლინიცისტების, მეცნიერებისა და პაციენტების ინტერესების დამცველი პარტნიორების გამოცდილება, რათა დაუკმაყოფილებელი სამედიცინო საჭიროებების მქონე პაციენტებს მკურნალობის ახალი ვარიანტები შევთავაზოთ.
—დოქტორი დევიდ ფაჯენბაუმი, Every Cure-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • CareMessage: CareMessage-ი არის სოციალური საწარმო და შეერთებულ შტატებში დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის შექმნილი პაციენტთა ჩართულობის უდიდესი პლატფორმა. 2012 წელს დაარსებულმა CareMessage-მა 45 შტატსა და ტერიტორიაზე 22 მილიონი ადამიანი მოიცვა. CareMessage-ი ტექსტური შეტყობინებებით აწვდის ადამიანებს პერსონალიზებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ და ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების კოორდინაციას. ამასთან, პლატფორმაში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს, რათა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებულმა სამედიცინო დაწესებულებებმა სათანადო მომსახურება გაუწიონ არასაკმარისად უზრუნველყოფილ პაციენტებს.

  • Dollar For: Dollar For-ი დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტებს სამედიცინო გადასახადების ჩამოწერის პროგრამებზე წვდომაში ეხმარება. დღემდე მათმა გამჭოლმა პლატფორმამ 47 000-ზე მეტ პაციენტს გაუწია დახმარება და 150 მილიონ დოლარზე მეტი სამედიცინო დავალიანება გააუქმა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი მიდგომებით ისინი დაფარვის მასშტაბის გაზრდასა და 1 მილიარდი დოლარის სამედიცინო დავალიანების გაუქმებას გეგმავენ.

  • Every Cure: Every Cure-ი არაკომერციული ბიოტექნოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც FDA-ს მიერ დამტკიცებულ არსებულ მედიკამენტებს მნიშვნელოვანი დაუკმაყოფილებელი საჭიროებების მქონე დაავადებების სამკურნალოდ ახალ დანიშნულებას უძებნის. ამ გრანტით ორგანიზაცია გააფართოებს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას, რომელიც FDA-ს მიერ დამტკიცებულ დაახლოებით 3 000 მედიკამენტს დაახლოებით 18 500 დაავადებასთან მიმართებით აფასებს. მიზანია შეფასების შესაძლებლობის გაორმაგება და მედიკამენტების ახალი დანიშნულებით გამოყენების იმ პროგრამების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც ლაბორატორიიდან პაციენტებისთვის რეალურ შედეგებამდე აღწევს.

  • იშვიათი დაავადებების კვლევის მანტონის სახელობის ცენტრი ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში: მანტონის ცენტრი ქმნის პლატფორმისგან დამოუკიდებელ, დაბალღირებულ გენეტიკურ AI-კოპილოტს, რომელიც კლინიკურ გუნდებს იშვიათი დაავადებების შემთხვევების უფრო სწრაფად და თანმიმდევრულად ხელახლა გაანალიზებაში ეხმარება, რათა მეტმა ოჯახმა დროული დიაგნოზი მიიღოს. ამ საქმიანობის გაფართოებისას ცენტრი ყურადღებას ამახვილებს დაავადებებთან დაკავშირებული გენების აღმოჩენაზე, მაღალსპეციალიზებულ დიაგნოსტიკაზე წვდომის დემოკრატიზაციასა და უთანასწორობის შემცირებაზე.

  • OCHIN: OCHIN სათემო და სოფლის ჯანდაცვის პროვაიდერებს ციფრული ხელსაწყოების დანერგვასა და გამოყენებაში ეხმარება და 42 შტატში სამედიცინო მომსახურების 2 200-ზე მეტ პუნქტს უჭერს მხარს. ისინი ქმნიან ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ეროვნულ აქსელერატორს, რათა ხელოვნური ინტელექტის სარგებელი პასუხისმგებლობით გაავრცელონ ჯანდაცვის გუნდებზე — მათ შორის ექიმებზე, ექთნებზე, დამხმარე და ადმინისტრაციულ პერსონალზე — და პაციენტებზე, რომლებსაც წარსულში ახალ ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ჰქონდათ.

ადგილობრივი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა

გრანტების პირველ ნაკადში კიდევ ერთ მთავარ თემად ადგილობრივი მედიის მხარდაჭერა გამოიკვეთა, რაც ასახავს თემების საჭიროებას სანდო ადგილობრივი ახალი ამბების მხრივ.

ამის საპასუხოდ, ფონდი დამატებით გრანტს გადასცემს ორგანიზაციას Lenfest Institute for Journalism. Lenfest-ი ითანამშრომლებს Axios Media-სა და სხვა პარტნიორებთან, რათა ადგილობრივ რედაქციებში მომუშავე ჟურნალისტებს — განსაკუთრებით, არასაკმარისად უზრუნველყოფილ თემებში — ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების პასუხისმგებლობით გამოყენება ასწავლოს და დაეხმაროს მათ ხელოვნური ინტელექტი ისე დანერგონ, რომ ადამიანების სარედაქციო პასუხისმგებლობა გააძლიერონ.

ჩვენი ვალდებულების განახლება

People-First AI Fund პროგრამის ღია კონკურსზე განაცხადი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 3 000-მა ორგანიზაციამ შეიტანა. ეს მიუთითებს როგორც მხარდაჭერაზე არსებულ მოთხოვნაზე, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების სურვილზე, თავად განსაზღვრონ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იქნეს გამოყენებული მათ საქმიანობაში და როგორ შეიძლება მან მხარი დაუჭიროს იმ თემებს, რომლებსაც ისინი ემსახურებიან.

მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, People-First AI Fund პროგრამაში განაცხადების მიღება 15 ივნისს განახლდება — ახალი, 50 მილიონი დოლარის ვალდებულებითა და განახლებული პრიორიტეტული სფეროებით. კვლავ პრიორიტეტს მივანიჭებთ სწრაფ და მოქნილ დაფინანსებას და ვითანამშრომლებთ ორგანიზაციებთან, რომლებიც თემებთან ერთად მუშაობენ და მხარს უჭერენ მათ, უხელმძღვანელონ ხელოვნური ინტელექტის ისეთი გზებით განვითარებასა და გამოყენებას, რომლებიც ადგილობრივ შესაძლებლობებს აძლიერებს და პრაქტიკული სარგებელი მოაქვს.

სიახლეების მისაღებად გირჩევთ, დარეგისტრირდეთ აქ.