
განახლება OpenAI Foundation-ის შესახებ
მიმართვა ბრეტ ტეილორისგან, OpenAI Foundation-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისგან
გასული წლის შემოდგომაზე OpenAI-მ გამოაცხადა რეკაპიტალიზაციის შესახებ, რამაც OpenAI Foundation-ს მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალება მისცა. დღეს გიზიარებთ, როგორ იწყებს ფონდი ამ მხარდაჭერის პრაქტიკულ გამოყენებას.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელოვნურმა ზოგადმა ინტელექტმა სარგებელი მოუტანოს მთელ კაცობრიობას. ეს მრავალწახნაგიანი წამოწყებაა.
ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობენ და სწავლობენ ადამიანები და როგორ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. მას აქვს პოტენციალი, გზა გაუხსნას განსაკუთრებულ უპირატესობებს: უფრო სწრაფ მიღწევებს მედიცინაში; მეცნიერული აღმოჩენების დაჩქარებას;, უფრო პერსონალიზებულ მომსახურებებს ჯანდაცვასა და განათლებაში; ახალ ხელსაწყოებს შემოქმედებითობისა და გამოგონებისთვის; მეტ პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ ზრდას; გაუმჯობესებულ საზოგადოებრივ მომსახურებებს, როგორიცაა სატრანსპორტო სისტემები; და არა მხოლოდ. ჩვენ გვჯერა ამ პოტენციალის და ეს რწმენა წარმართავს OpenAI-ს საქმიანობას მისი დაარსების დღიდან.
თუმცა კაცობრიობის საკეთილდღეოდ ძლიერი სისტემების შექმნა ჩვენი მისიის ფარგლებში გასაწევი სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილია. ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელები ასევე შექმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც უკვე იჩენს თავს, ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევების გამოსავლენად და მათ საპასუხოდ გადაწყვეტების შესამუშავებლად.
ეს არის იმ მისიის ორი განზომილება, რომლის შესასრულებლადაც ვქმნით ფონდს. ჩვენი მიზანია, შესაძლებელი გავხადოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კაცობრიობის ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად, გარდავქმნათ ადამიანის შესაძლებლობები და მოვიტანოთ რეალური სარგებელი ხალხის ცხოვრებაში; ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რათა მზად ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის და დავეხმაროთ საზოგადოებას მდგრადობის შენარჩუნებაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ.
ეს სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. მომდევნო წლის განმავლობაში სწრაფად გაფართოების პარალელურად ფონდი გეგმავს მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და დაავადებების მკურნალობა, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური გავლენა, ხელოვნური ინტელექტის მედეგობა და სათემო საზოგადოებრივი პროგრამები. ამაში შედის საწყისი ინვესტიციები ჩვენ მიერ ადრე გამოცხადებული ვალდებულების ფარგლებში, რაც 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მიმართულია დაავადებების მკურნალობისა და ხელოვნური ინტელექტის მედეგობისკენ.
მუშაობის, სწავლისა და ჩვენი მიდგომის დახვეწის პარალელურად მომდევნო თვეებში გაგიზიარებთ სიახლეებს თითოეულ ამ მიმართულებაში და ახალი გრანტებისა და პროგრამების მეშვეობით წინ წავწევთ ჩვენს მისიას.
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და დაავადებების მკურნალობა1
თავდაპირველად ვიწყებთ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებითა და დაავადებების მკურნალობით, რადგან გვჯერა, რომ ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი პოტენციალი აქვს სამეცნიერო და სამედიცინო პროგრესის დასაჩქარებლად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და გასაუმჯობესებლად. უკვე ვხედავთ ამ სფეროებში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მრავალ ადრეულ ნიშანს. მკვლევრები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რომ უკეთ გაერკვნენ დაავადებებში, გამოიკვლიონ მათი პრევენციისა და მკურნალობის ახალი გზები და ლაბორატორიაში შემუშავებული იდეები პაციენტებამდე უფრო სწრაფად მიიტანონ.
ფონდში განვსაზღვრეთ სამი საწყისი პრიორიტეტული სფერო, სადაც მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობას რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია:
ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის წინააღმდეგ: ალცჰაიმერის დაავადება განსაკუთრებით მტკივნეულია ოჯახებისთვის და ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა მედიცინაში. ხელოვნური ინტელექტის უნარი, იმსჯელოს კომპლექსურ მონაცემებზე, მკვლევრებს ახალი ცოდნის აღმოჩენაში შეიძლება დაეხმაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ წამყვან კვლევით დაწესებულებებთან. პირველ ეტაპზე ძირითად ყურადღებას დავუთმობთ დაავადებათა განვითარების მექანიზმების განფენას, ბიომარკერების გამოვლენას კლინიკური პრაქტიკისა და კლინიკური კვლევებისათვის და ამასთანავე, მკურნალობის პერსონალიზაციის დაჩქარებას, მათ შორის, FDA-ს მიერ უკვე დამტკიცებული მოლეკულების ახალი დანიშნულებით გამოყენებას, თუ ეს შესაძლებელია.
საჯარო მონაცემები ჯანდაცვის სფეროსთვის: მედიცინის მრავალი უმნიშვნელოვანესი მიღწევა შესაძლებელი გახდა გაზიარებული სამეცნიერო მონაცემების წყალობით, ხოლო მონაცემებზე საჯარო წვდომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზება მოხდეს მეცნიერული გარღვევებისთვის. პარტნიორებს დავეხმარებით ღია და მაღალი ხარისხის მონაცემთა ნაკრებების შექმნასა და გაფართოებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მანამდე დახურული მონაცემების პასუხისმგებლობით გახსნაში, რომ მკვლევრებმა ყველგან შეძლონ ხელოვნური ინტელექტით სარგებლობა და მონაცემების გამოყენება დაავადებათა მკურნალობის მიმართულებით პროგრესის მისაღწევად.
პროგრესის დაჩქარება მაღალი სიკვდილიანობითა და ტვირთით გამორჩეულ დაავადებებში: გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს მეცნიერულ გარღვევებს და ამასთანავე, შეამცირებს მკურნალობის მეთოდების შექმნასა და ახალი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და რისკებს, განსაკუთრებით, იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც მაღალი სიკვდილიანობითა და ტვირთით გამოირჩევა და არასაკმარისად ფინანსდება. ჩვენ ერთად შევკრებთ ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებსა და დაავადებათა ექსპერტებს და პროცესს დავიწყებთ მიზნობრივი სამუშაო სემინარის ორგანიზებით, რომ განვსაზღვროთ, როგორ გავაძლიეროთ მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით და გამოვავლინოთ პერსპექტიული შესაძლებლობები.
ჯეიკობ ტრეფეთენი უხელმძღვანელებს ამ სამუშაოს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და დაავადებების მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელის რანგში. ის გადმოდის Coefficient Giving-იდან, სადაც კურირებდა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის გრანტების გაცემას მეცნიერებისა და ჯანმრთელობის სფეროებში.
სამუშაო ადგილები და ეკონომიკური გავლენა
ხელოვნური ინტელექტი შეცვლის სამუშაოს ხასიათსა და ეკონომიკას: მოიტანს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ სფეროში პრაქტიკული გადაწყვეტების შესამუშავებლად და დასაფინანსებლად ფონდმა დაიწყო თანამშრომლობა ექსპერტებსა და საზოგადოებრივ თემებთან: სამოქალაქო საზოგადოებასთან, მცირე ბიზნესის მფლობელებთან, პროფკავშირებთან, წამყვან ეკონომისტებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და სხვებთან. ვაპირებთ, მნიშვნელოვანი რესურსები მივმართოთ ყველაზე პერსპექტიული მიდგომების მხარდასაჭერად და უახლოეს კვირებში მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ.
ხელოვნური ინტელექტის მდგრადობა
როგორც ადრე გამოცხადდა, ხელოვნური ინტელექტის მედეგობა ასევე გახდება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა. ეს სამუშაო კონცენტრირებულია ახალ გამოწვევებზე, რომლებიც გარდაუვლად წარმოიშობა უფრო ძლიერი ხელოვნური ინტელექტისგან. სამუშაოს მიზანია, ადამიანებმა სრულად მიიღონ სარგებელი ხელოვნური ინტელექტისგან ისეთი გზებით, რომლებიც ხელს უწყობს და აფართოებს ადამიანის საქმიანობას, შემოქმედებითობასა და შესაძლებლობებს.
პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე სფეროზე, რომლებშიც ზეგავლენასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე აშკარაა და რომლებშიც, ჩვენი აზრით, ადრეულ სამუშაოს შესამჩნევი შედეგის მოტანა შეუძლია:
ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე: გვსურს, ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები უსაფრთხო იყოს ახალგაზრდებისთვის და ხელს უწყობდეს ჯანსაღ განვითარებას. ეს მოიცავს ინვესტირებას მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევებსა და შეფასებაში და ასევე, დისციპლინათაშორის თანამშრომლობას, რომ განისაზღვროს საჭირო დამცავი მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნურ ინტელექტსა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის უსაფრთხო და სასარგებლო ურთიერთქმედებებს.
ბიოუსაფრთხოება: გვსურს, გავაძლიეროთ პოტენციური ბიოლოგიური საფრთხეებისადმი საზოგადოების მზადყოფნა, იქნება ეს ბუნებრივად წარმოშობილი თუ ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ეპიდაფეთქებები. ამაში შედის გამოვლენის, პრევენციისა და შემსუბუქების პროცესის გაუმჯობესება.
ხელოვნური ინტელექტის მოდელის უსაფრთხოება: გვსურს, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო უსაფრთხო იყოს ნაგულისხმევად. ეს ნიშნავს დამოუკიდებელი ტესტირებისა და შეფასებების მხარდაჭერას, ახალი და უფრო ძლიერი დარგობრივი სტანდარტების შემუშავებასა და ისეთი ფუნდამენტური კვლევების დაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხოების პრობლემების არიდებას და მათ ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მოგვარებას.
ვოიცეხ ზარემბა, OpenAI-ის თანადამფუძნებელი, უერთდება ფონდს ხელოვნური ინტელექტის მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რათა ამ საქმიანობას გაუძღვეს.
თემების მხარდაჭერა
მალე გამოვაცხადებთ საწყისი People-First AI Fund ფონდის გრანტების საბოლოო ტალღას და უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ მომდევნო ნაბიჯებს.
ეს საქმიანობა დაიწყო არაკომერციული ორგანიზაციების საკითხებში ჩვენი კომისიის რეკომენდაციით. მისი მეშვეობით დავინახეთ, რომ საზოგადოებრივ თემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, დაეხმარონ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტით განპირობებულ ცვლილებებთან ადაპტაციაში. ეს მაღალი ნდობის მქონე ჯგუფები, ყველაზე ახლოს არიან ადგილობრივ საზოგადოებრივ თემებთან, რომლებსაც ემსახურებიან, და ადგილზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს უძღვებიან.
ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ინიციატივებში, რომლებიც მხარს უჭერს საზოგადოებრივ თემებს, ხოლო განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის გაგებაში, მისი შესაძლებლობებით სარგებლობასა და მის მიერ მოტანილ ცვლილებებთან ადაპტაციაში.
გუნდის შექმნა
ვოიჩეხისა და ჯეიკობის გარდა, ჩვენ ვქმნით გუნდს, რომ საქმიანობის მასშტაბირება მოვახდინოთ.
აპრილის შუა რიცხვებში ანა მაკანჯუ შემოუერთდება ფონდს როგორც „ხელოვნური ინტელექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და ფილანთროპიისთვის“მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ამოცანა იქნება ფონდის საქმიანობის წარმართვა AI-ს შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რათა დაეხმაროს არაკომერციულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, საქველმოქმედო ინსტიტუტებსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების ეკოსისტემას მათი გავლენის დაჩქარებასა და მასშტაბირებაში. ანა მანამდე OpenAI-ში გლობალური გავლენის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. მოუთმენლად ველით, რომ ამ სამუშაოს შესახებ მომდევნო კვირებში დამატებითი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
რობერტ კაიდენი გუნდს მთავარი ფინანსური დირექტორის რანგში შემოუერთდება. რობერტი მანამდე წამყვან ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა კომპანიებში: Deloitte, Twitter და Inspirato. ის დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ფონდმა ჩვენი ზრდის პარალელურად მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში იმუშაოს.
ჯეფ არნოლდი შემოგვიერთდება ოპერაციების დირექტორის რანგში. ჯეფი OpenAI-ს ერთ-ერთი პირველი წევრი იყო. მან თავისი კარიერა კომპანიების შექმნასა და მასშტაბირებას მიუძღვნა და ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Oracle-ი და Dropbox-ი. ის ხელს შეუწყობს იმ საოპერაციო სისტემების შექმნას, რომლებიც საჭიროა ფონდის მიზნების მხარდასაჭერად.
ფონდის საბჭო ასევე ეძებს აღმასრულებელ დირექტორს. მომდევნო თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ გუნდის შევსებას.
რა იქნება შემდეგ
ჯერ კიდევ იმის დასაწყისში ვართ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა რეალობად შეიძლება აქციოს.
შესაძლებლობაცა და პასუხისმგებლობაც იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ ამ ტექნოლოგიებმა ადამიანებისთვის რეალური პროგრესი მოიტანოს. ჩვენ სწრაფად ვისწავლით, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან და ინვესტიციას ჩავდებთ გადაწყვეტებში, რომელთა მასშტაბირება და გარდაქმნა შესაძლებელია.
ჩვენი მიზანია, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრაში, მათთვის საყვარელ ადამიანებზე უკეთ ზრუნვაში და ისეთი სრულფასოვანი ცხოვრების შექმნაში, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო.
მოუთმენლად ველით მომავალი სამუშაოს დაწყებას და მომდევნო თვეებში მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ
სქოლიოები
- 1
პროგრამას, რომელსაც ადრე „ჯანმრთელობა და დაავადებების მკურნალობა“ ეწოდებოდა, სახელი შეეცვალა და ეწოდა „სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები“, რომ უკეთ გადმოსცეს აქცენტი, რომელსაც ფონდი აკეთებს ბიოლოგიასა და მედიცინაში კვლევების განვითარებაზე როგორც დაავადებების განკურნების საფუძველზე.