მომსახურების პირობები

ძალაშია: 2026 წლის 24 მარტიდან

გამოყენების ეს პირობები ვრცელდება თქვენ მიერ ChatGPT-ის, DALL·E-ის და OpenAI Foundation-ის ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი სხვა სერვისების გამოყენებაზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პროგრამულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე (ერთობლივად „სერვისები“). წინამდებარე პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და OpenAI Foundation-ს შორის და მოიცავს ჩვენს სერვისის პირობებს და მნიშვნელოვან დებულებებს დავების საარბიტრაჟო გზით გადაწყვეტის შესახებ. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

თუ ევროპის ეკონომიკურ ზონაში, შვეიცარიაში ან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობთ, თქვენ მიერ სერვისების გამოყენება ამ პირობებით რეგულირდება.

ჩვენი ბიზნესის პირობები განსაზღვრავს ChatGPT Enterprise-ის, ჩვენი API-ებისა და სხვა სერვისების გამოყენების წესებს ბიზნესებისა და დეველოპერებისთვის.

ჩვენი კონფიდენციალურობის წესები განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენს ამ პირობების შემადგენელ ნაწილს, იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც უნდა გაეცნოთ.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი მისიაა, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი მთელი კაცობრიობისთვის სარგებლის მომტანი იყოს. OpenAI Foundation-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის მოინახულეთ https://openaifoundation.org

რეგისტრაცია და წვდომა

მინიმალური ასაკი. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 13 წლის ან თქვენს ქვეყანაში სერვისების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად დადგენილი მინიმალური ასაკის. თუ 18 წლის ჯერ არ ხართ, სერვისების გამოსაყენებლად აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვა.

რეგისტრაცია. თქვენ უნდა მიაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია, რათა დარეგისტრირდეთ მომხმარებლის ანგარიშზე ჩვენი სერვისების გამოსაყენებლად. თქვენ არ გაქვთ უფლება, თქვენი მომხმარებლის ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემები გააზიაროთ ან თქვენი მომხმარებლის ანგარიში სხვისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ და პასუხისმგებელი ხართ ყველა აქტივობაზე, რომელიც თქვენი მომხმარებლის ანგარიშის ქვეშ ხდება. თუ სხვა პირის ან ორგანიზაციის სახელით მომხმარებლის ანგარიშს შექმნით ან სერვისებს იყენებთ, უნდა გქონდეთ მათი სახელით ამ პირობების მიღების უფლებამოსილება.

ჩვენი სერვისების გამოყენება

რისი გაკეთება შეგიძლიათ. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ ჩვენს სერვისებთან წვდომისა და მათი გამოყენების უფლება. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი კანონი, ასევე, ჩვენი გაზიარების და გამოქვეყნების პოლიტიკა, გამოყენების პოლიტიკები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, სახელმძღვანელო მითითებები ან პოლიტიკები, რომლებსაც ჩვენ გაწვდით.

რისი გაკეთება არ შეგიძლიათ. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი სერვისები რაიმე უკანონო, საზიანო ან შეურაცხმყოფელი საქმიანობისთვის. მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ:

  • ჩვენი სერვისების იმგვარად გამოყენება, რომ ვინმეს უფლებები შეილახოს, მითვისებული იყოს ან დაირღვეს.

  • ჩვენი ნებისმიერი სერვისის მოდიფიცირება, კოპირება, გაქირავება, გაყიდვა ან გავრცელება.

  • ჩვენი სერვისების საწყისი კოდის ან საბაზისო კომპონენტების, მათ შორის, ჩვენი მოდელების, ალგორითმების ან სისტემების უკუინჟინერიის, დეკომპილაციის ან აღმოჩენის მცდელობა ან ვინმეს ამაში დახმარება (იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს შეზღუდვა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია).

  • მონაცემების ან გამომავალი მონაცემების ავტომატურად ან პროგრამულად ამოღება (განსაზღვრულია ქვემოთ).

  • წარმოაჩინოთ გამომავალი მონაცემები, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი, როდესაც ეს ასე არ არის.

  • ჩვენს სერვისებში ჩარევა, ან მათი შეფერხება, მათ შორის, ნებისმიერი ტარიფის ლიმიტის, ან შეზღუდვის გვერდის ავლით, ან ნებისმიერი დამცავი ზომების, ან უსაფრთხოების შემარბილებელი ზომების გვერდის ავლით, რომლებსაც ჩვენს სერვისებზე ვაყენებთ.

  • გამომავალი მონაცემების გამოყენება ისეთი მოდელების შესამუშავებლად, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ OpenAI Foundation-ს.

პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენმა სერვისებმა შესაძლოა მოგცეთ პროგრამული უზრუნველყოფის, მაგალითად, მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება, რომლებიც შესაძლოა ავტომატურად განახლდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ უახლეს ვერსიას იყენებთ. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც რეგულირდება საკუთარი ლიცენზიებით, რომლებიც ჩვენ თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ.

კორპორაციული დომენები. თუ თქვენ ანგარიშს ორგანიზაციის (მაგალითად, თქვენი დამსაქმებლის) საკუთრებაში არსებული ელფოსტის მისამართის გამოყენებით შექმნით, ეს ანგარიში შეიძლება ამ ორგანიზაციის ჩვენს ბიზნეს ანგარიშს დაემატოს და, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგაწვდით შეტყობინებას, რათა თქვენი ანგარიშის გადაცემაში დაგეხმაროთ (თუკი თქვენმა ორგანიზაციამ უკვე არ შეგატყობინათ, რომ მას თქვენი ანგარიშისთვის თვალის მიდევნება და კონტროლი შეუძლია).

თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გადატანის შემდეგ, ორგანიზაციის ადმინისტრატორი შეძლებს თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გაკონტროლებას, მათ შორის კონტენტზე წვდომას ( განსაზღვრულია ქვემოთ) და თქვენი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომის შეზღუდვას ან ამოშლას.

მესამე მხარის სერვისები. ჩვენი სერვისები შეიძლება მოიცავდეს მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფას, პროდუქტებს ან სერვისებს („მესამე მხარის სერვისები“), და ჩვენი სერვისების ზოგიერთი ნაწილი, როგორიცაა დათვალიერების ფუნქცია, შეიძლება მოიცავდეს ამ სერვისებიდან მიღებულ გამომავალ მონაცემებს („მესამე მხარის გამომავალი მონაცემები“). მესამე მხარის სერვისები და მესამე მხარის გამომავალი მონაცემები ექვემდებარება საკუთარ პირობებს, და ჩვენ მათზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

უკუკავშირი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უკუკავშირს და თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვისა და თქვენთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების გარეშე.

კონტენტი

თქვენი კონტენტი. თქვენ შეგიძლიათ სერვისებს მიაწოდოთ შენატანი („შენატანი“) და სერვისებისგან მიიღოთ გამომავალი მონაცემები(„გამომავალი“) შენატანის საფუძველზე. შენატანი და გამომავალი მონაცემები ერთობლივად „კონტენტს“ წარმოადგენს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი კონტენტზე, მათ შორის იმის უზრუნველყოფაზე, რომ იგი არ არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე პირობებს. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ ყველა უფლება, ლიცენზია და ნებართვა გაქვთ, რაც ჩვენი სერვისებისთვის შენატანის მიწოდებისთვის არის საჭირო.

კონტენტის მფლობელობა. თქვენსა და OpenAI Foundation-ს შორის ურთიერთობაში, იმდენად, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით არის ნებადართული, თქვენ (ა) ინარჩუნებთ საკუთრების უფლებებს შენატანზე და (ბ) ფლობთ გამომავალ მონაცემებს. ჩვენ ამით გადმოგცემთ თქვენ ყველა ჩვენს უფლებას, საკუთრების უფლებასა და ინტერესს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კონტენტის მსგავსება. ჩვენი სერვისების და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის ბუნებიდან გამომდინარე, გამომავალი მონაცემები შეიძლება უნიკალური არ იყოს და სხვა მომხმარებლებმა მსგავსი შედეგი შეიძლება ჩვენი სერვისებიდან მიიღონ. ჩვენი ზემოაღნიშნული დავალება არ ვრცელდება სხვა მომხმარებლების გამომავალ მონაცემებზე ან მესამე მხარის გამომავალ მონაცემებზე.

ჩვენ მიერ კონტენტის გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია კონტენტი გამოვიყენოთ ჩვენი სერვისების წარსადგენად, მხარდასაჭერად, გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესასრულებლად, ჩვენი პირობებისა და წესების დასაცავად და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. თუ თქვენ იყენებთ ChatGPT-ს Apple-ის ინტეგრაციების მეშვეობით, გთხოვთ, იხილოთ დახმარების ცენტრის ეს სტატია იმის გასაგებად, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს კონტენტს.

გამოწერაზე უარის თქმა. თუ არ გსურთ, რომ თქვენი კონტენტი ჩვენი მოდელების სწავლებისთვის გამოვიყენოთ, შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ამ სტატიაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამან შესაძლოა შეზღუდოს ჩვენი სერვისების შესაძლებლობა, უკეთ მოერგოს თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს.

სიზუსტე. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება მეცნიერების სწრაფად განვითარებად დარგებს წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად, რათა ისინი უფრო ზუსტი, საიმედო, უსაფრთხო და სასარგებლო გახდეს. მანქანური სწავლების სავარაუდო ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენი სერვისების გამოყენებამ, ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გამოიწვიოს შედეგი, რომელიც რეალურ ადამიანებს, ადგილებს ან ფაქტებს არაზუსტად ასახავს.

როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებთ, თქვენ გესმით და ეთანხმებით,რომ :

  • შედეგები ყოველთვის ზუსტი არ შეიძლება იყოს. თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ ჩვენი სერვისების გამომავალ მონაცემებს, როგორც სიმართლის ან ფაქტობრივი ინფორმაციის ერთადერთ წყაროს, ან როგორც პროფესიული რჩევის შემცვლელს.

  • თქვენ უნდა შეაფასოთ გამომავალი მონაცემების სიზუსტე და მიზანშეწონილობა თქვენი გამოყენების შემთხვევისთვის, მათ შორის საჭიროებისამებრ, ადამიანური მიმოხილვის გამოყენებით, სანამ სერვისების გამომავალ მონაცემებს გამოიყენებთ ან გააზიარებთ.

  • თქვენ არ უნდა გამოიყენოთ რაიმე გამომავალი მონაცემები, რომლებიც ადამიანს ეხება, ისეთი მიზნისთვის, რამაც შეიძლება მასზე იურიდიული ან მატერიალური ზეგავლენა მოახდინოს, მაგალითად, კრედიტის, განათლების, დასაქმების, საცხოვრებლის, დაზღვევის, იურიდიული, სამედიცინო ან სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

  • ჩვენმა სერვისებმა შეიძლება მოგაწოდოთ არასრული, არასწორი ან შეურაცხმყოფელი გამომავალი მონაცემები, რომლებიც OpenAI Foundation-ის შეხედულებებს არ ასახავს. თუ გამომავალი მონაცემები მესამე მხარის პროდუქტებს ან სერვისებს ეხება, ეს არ ნიშნავს, რომ მესამე მხარე მხარს უჭერს ან დაკავშირებულია OpenAI Foundation-თან.

ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.

ჩვენ და ჩვენი შვილობილი კომპანიები ვფლობთ ყველა უფლებას, საკუთრების უფლებასა და ინტერესს სერვისებზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი სახელისა და ლოგოს გამოყენება მხოლოდ ჩვენი ბრენდის სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

ფასიანი ანგარიშები.

ბილინგი. ნებისმიერი სერვისის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ანგარიშსწორების სრული და ზუსტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ, მათ შორის, გადახდის მეთოდი. ფასიანი გამოწერების შემთხვევაში, ჩვენ ავტომატურად ჩამოვჭრით თანხას თქვენი გადახდის მეთოდიდან ყოველი შეთანხმებული პერიოდული განახლებისას, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა მოქმედ გადასახადზე და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გადასახადს დაგაკისრებთ. თუ გადახდა ვერ განხორციელდება, შეგვიძლია, ჩამოვაქვეითოთ თქვენი ანგარიშის სტატუსი ან შეგიჩეროთ წვდომა ჩვენს სერვისებზე თანხის მიღებამდე.

სერვისის კრედიტები. სერვისის კრედიტების შეძენით ზოგიერთი სერვისის საფასურის წინასწარ გადახდა შეგიძლიათ. ყველა სერვისის კრედიტი ექვემდებარება ჩვენს სერვისის კრედიტის პირობებს.

გაუქმება. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი ფასიანი გამოწერა. გადახდები არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ითხოვს კანონი. წინამდებარე პირობები არ აუქმებს სავალდებულო ადგილობრივ კანონებს, რომლებიც თქვენს გაუქმების უფლებებს ეხება.

ცვლილებები. შესაძლოა, ფასები დროდადრო შევცვალოთ. თუ ჩვენ გამოწერის ფასებს გავზრდით, სულ მცირე, 30 დღით ადრე შეგატყობინებთ და ფასის ნებისმიერი ზრდა ძალაში შევა თქვენი გამოწერის შემდეგი განახლებისას, რათა შეძლოთ გაუქმება, თუ ფასის ზრდას არ დაეთანხმებით.

შეწყვეტა და შეჩერება

შეწყვეტა. შეგიძლიათ, ჩვენი სერვისების გამოყენება ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ. უფლებას ვიტოვებთ, ჩვენს სერვისებზე თქვენი წვდომა შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ, ან თქვენი მომხმარებლის ანგარიში წავშალოთ, თუ გადავწყვეტთ,რომ:

  • თქვენ დაარღვიეთ ეს პირობები ან ჩვენი გამოყენების პოლიტიკები.

  • ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

  • თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შესაძლოა, რისკი შეექმნა ან ზიანი მიეყენებინა OpenAI Foundation-ისთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის ან რომელიმე სხვა პირისთვის.

ჩვენ ასევე შეიძლება თქვენი მომხმარებლის ანგარიში გავაუქმოთ, თუ ის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმოქმედოა და ფასიანი ანგარიში არ გაქვთ. თუ ამას გავაკეთებთ, წინასწარ შეგატყობინებთ.

გასაჩივრებები. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ანგარიშის მოქმედება შეცდომით შევაჩერეთ ან გავაუქმეთ, შეგიძლიათ, ჩვენს მხარდაჭერის გუნდს დაუკავშირდეთ და საჩივარი წარადგინოთ.

სერვისების შეწყვეტა

შეიძლება გადავწყვიტოთ ჩვენი სერვისების შეწყვეტა, მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, წინასწარ გაცნობებთ და გამოუყენებელი სერვისებისთვის წინასწარ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ.

გარანტიების უარყოფა

ჩვენი სერვისები მოწოდებულია „როგორც არის“. კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა, ჩვენ და ჩვენი შვილობილი კომპანიები და ლიცენზიარები არ ვიძლევით არანაირ შეზღუდულ გარანტიას (გამოხატულ, ნაგულისხმევ, კანონით დადგენილ ან სხვა) სერვისებთან დაკავშირებით და უარს ვამბობთ ყველა შეზღუდულ გარანტიაზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საქონლის მდგომარეობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, დამაკმაყოფილებელი ხარისხის, უფლებათა დაურღვევლობის და მშვიდი გამოყენების შეზღუდულ გარანტიებზე, ასევე ნებისმიერ შეზღუდულ გარანტიაზე, რომლებიც ნებისმიერი საქმიდან ან ვაჭრობაში გამოყენებიდან გამომდინარეობს.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისები იქნება უწყვეტი, ზუსტი ან უშეცდომო, ან რომ ნებისმიერი კონტენტი იქნება დაცული, არ დაიკარგება ან არ შეიცვლება.

თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენი სერვისის გამომავალი მონაცემების ნებისმიერი გამოყენება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშ ხორციელდება და თქვენ არ დაეყრდნობით გამომავალ მონაცემებს, როგორც სიმართლის ან ფაქტობრივი ინფორმაციის ერთადერთ წყაროს, ან როგორც პროფესიული რჩევის შემცვლელს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

არც ჩვენ და არც ჩვენი რომელიმე აფილირებული პირი ან ლიცენზიარი არ ვიქნებით პასუხისმგებელი არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ, თანმდევ ან სამაგალითო ზიანზე, მათ შორის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მოგების, კეთილგანწყობის, სარგებლობის ან მონაცემების დაკარგვით ან სხვა დანაკარგებით, მაშინაც კი, თუ ჩვენ ინფორმირებულნი ვიყავით ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ. ამ პირობების შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც პასუხისმგებლობის გაჩენამდე 12 თვის განმავლობაში იმ სერვისისთვის გადაიხადეთ, რომელიც პრეტენზიის საფუძველი გახდა, ან ას დოლარს (100$).

ამ ნაწილში შეზღუდვები მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში ვრცელდება.

ზოგიერთ ქვეყანასა და შტატში არ არის დაშვებული გარკვეულ გარანტიებზე უარის თქმა ან გარკვეული ზიანის შეზღუდვა, ამიტომ, ზემოთ მოცემული ზოგიერთი ან ყველა პირობა შეიძლება თქვენზე არ გავრცელდეს და შესაძლოა დამატებითი უფლებები გქონდეთ. ამ შემთხვევაში, ეს პირობები ჩვენს პასუხისმგებლობებს მხოლოდ იმ მაქსიმალური მოცულობით ზღუდავს, რომელიც თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაშია დაშვებული.

OpenAI Foundation-ის შვილობილი კომპანიები, მომწოდებლები, ლიცენზიარები და დისტრიბუტორები ამ სექციის განზრახული მესამე მხარის ბენეფიციარები არიან.

ზარალის ანაზღაურება

თუ თქვენ წარმოადგენთ ბიზნესს ან ორგანიზაციას, კანონით ნებადართულ ფარგლებში, თქვენ ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ ზიანი და დაიცვათ ჩვენი, ჩვენი აფილირებული პირებისა და ჩვენი პერსონალის ინტერესები ნებისმიერი ხარჯისგან, ზარალისგან, ვალდებულებისა და დანახარჯისგან (ადვოკატის ჰონორარის ჩათვლით), რაც გამოწვეულია მესამე მხარის პრეტენზიებით, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ მიერ სერვისებისა და კონტენტის გამოყენებასთან ან ამ პირობების ნებისმიერ დარღვევასთან.

დავის გადაწყვეტა

თქვენ და OpenAI Foundation ეთანხმებით შემდეგ სავალდებულო საარბიტრაჟო და ჯგუფურ სარჩელებზე უარის თქმის დებულებებს:

სავალდებულო არბიტრაჟი. თქვენ და OpenAI Foundation თანხმდებით, საბოლოო და სავალდებულო არბიტრაჟის გზით მოაგვაროთ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც ამ პირობებთან ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით წარმოიქმნება, მათი წარმოშობის დროის მიუხედავად, თუნდაც ის ამ პირობების არსებობამდე („დავა“) წარმოქმნილიყო. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ არბიტრაჟზე მომხმარებლის ანგარიშის შექმნიდან 30 დღის განმავლობაში ან ამ საარბიტრაჟო პირობების განახლების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, ამ ფორმის შევსებით.

თუ უარს იტყვით განახლებული პირობების მიღებაზე, ძალაში დარჩება არბიტრაჟის შესახებ ბოლო შეთანხმებული პირობები.

დავის არაფორმალური გადაწყვეტა. ჩვენ გვსურს გავიგოთ და ვეცადოთ თქვენი პრეტენზიების მოგვარება სამართლებრივი დავის დაწყებამდე. სანამ რომელიმე ჩვენგანი მეორეს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, ორივე ვთანხმდებით, რომ ვეცდებით დავა არაფორმალურად მოვაგვაროთ. თქვენ ამაზე თანხმობას აცხადებთ ჩვენთვის შეტყობინების გაგზავნით ამ ფორმის მეშვეობით. ჩვენ ამას თქვენს მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებულ ელფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით გავაკეთებთ. თუ ჩვენ დავის გადაწყვეტა 60 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, ნებისმიერ ჩვენგანს არბიტრაჟის დაწყების უფლება აქვს.

ჩვენ ასევე თანახმა ვართ, დავის მოგვარების ინდივიდუალურ კონფერენციას დავესწროთ, თუ რომელიმე მხარე ამას ამ დროის განმავლობაში მოითხოვს. დავის ამ არაფორმალური გადაწყვეტის პროცესში, ხანდაზმულობის ვადა გადაიწევს.

არბიტრაჟის ფორუმი. თუ დავის გადაწყვეტას ვერ მოვახერხებთ, ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება საარბიტრაჟო წარმოება ეროვნულ არბიტრაჟსა და მედიაციაში („NAM“) დაიწყოს, მისი ყოვლისმომცველი დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების ან/და მასობრივი საარბიტრაჟო განაცხადების შეტანის დამატებითი წესების შესაბამისად (ხელმისაწვდომია აქ). OpenAI Foundation არ მოითხოვს ადვოკატის მომსახურების საფასურისა და ხარჯების ანაზღაურებას არბიტრაჟში გარდა იმ შემთხვევისა, თუ არბიტრი დაადგენს, რომ თქვენი სარჩელი არის უსაფუძვლო.

წინამდებარე პირობებში აღწერილი საქმიანობები სახელმწიფოთაშორის კომერციას მოიცავს და არბიტრაჟის ფედერალური კანონი განსაზღვრავს ამ არბიტრაჟის პირობების და ნებისმიერი არბიტრაჟის ინტერპრეტაციას და აღსრულებას.

არბიტრაჟის პროცედურები. არბიტრაჟი შეძლებისდაგვარად ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარდება, მაგრამ თუ არბიტრი დაადგენს, რომ მოსმენა პირადად უნდა ჩატარდეს, ადგილი ორმხრივად შეთანხმდება იმ რაიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ან მას არბიტრი განსაზღვრავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაკეტური არბიტრაჟის პროცესი გამოიყენება. არბიტრაჟი ჩატარდება ერთი არბიტრის მიერ. არბიტრი იქნება ან გადამდგარი მოსამართლე, ან ადვოკატი, რომელსაც კალიფორნიის შტატში იურიდიული პრაქტიკის ლიცენზია აქვს.

არბიტრს ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, გადაჭრას ნებისმიერი დავა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სან ფრანცისკოს, კალიფორნიის შტატის ან ფედერალურ სასამართლოებს აქვთ უფლებამოსილება განსაზღვრონ დავები აღსრულებადობის, ჯგუფური მოქმედების უარის თქმის მართებულობის, ან საჯარო ამკრძალავი სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული. მხარეებს შორის შეთავაზებული მორიგების თანხების შესახებ ინფორმაცია არცერთი მხარის მიერ არ გაუმჟღავნდება არბიტრს მანამ, სანამ არბიტრი არ განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

არბიტრს უფლება აქვს დააკმაყოფილოს შუამდგომლობები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ წყვეტენ ნებისმიერ დავას.

გამონაკლისები. ეს ნაწილი არ საჭიროებს დავების არაფორმალურ გადაწყვეტას ან არბიტრაჟს შემდეგი პრეტენზიებისათვის: (i) ინდივიდუალური პრეტენზიები, რომლებიც მცირე პრეტენზიების სასამართლოშია შეტანილი; და (ii) სასამართლო აკრძალვები ან სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, სერვისების არასანქცირებული ან ბოროტად გამოყენების შესაწყვეტად ან ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ან უკანონო მისაკუთრების აღსაკვეთად.

ჯგუფურ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა. თქვენ და OpenAI Foundation თანხმდებით, რომ დავები უნდა წარიმართოს მხოლოდ ინდივიდუალურად და დაუშვებელია მათი წამოწყება მოსარჩელის ან ჯგუფის წევრის სტატუსით ნებისმიერ სავარაუდო ჯგუფურ, კონსოლიდირებულ ან წარმომადგენლობით პროცესში. ჯგუფური არბიტრაჟები, ჯგუფური მოქმედებები და წარმომადგენლობითი მოქმედებები აკრძალულია. ხელმისაწვდომია მხოლოდ ინდივიდუალური დაკმაყოფილება

მხარეები თანხმდებიან, რომ ძირითადი სარჩელისა და ყველა სხვა მოთხოვნის საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ, საჯარო აკრძალვის ნებისმიერი მოთხოვნა გამოყოფილი იქნება და სასამართლოში განიხილება. ეს არც ერთ მხარეს ჯგუფურ მორიგებაში მონაწილეობას ხელს არ უშლის. თქვენ და OpenAI Foundation შეგნებულად და შეუქცევადად უარს ამბობთ ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ უფლებაზე ნებისმიერ საქმეში, სამართალწარმოებაში ან შეგებებულ სარჩელში.

პაკეტური არბიტრაჟი. თუ 25 ან მეტი მომჩივანი, რომლებსაც ერთი და იგივე ან მსგავსი ადვოკატი წარმოადგენს, 90 დღის განმავლობაში შეიტანს საარბიტრაჟო მოთხოვნებს არსებითად მსგავს დავებთან დაკავშირებით, თქვენ და OpenAI Foundation თანხმდებით, რომ NAM მათ განიხილავს 50 მომჩივნისგან შემდგარ ჯგუფებად („ჯგუფი“), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომჩივნების საერთო რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან დაჯგუფების შემდეგ დარჩენილი რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, რაც ერთ ჯგუფს შეადგენს.

NAM თითოეულ პაკეტს, როგორც ერთიან კონსოლიდირებულ არბიტრაჟს, ერთი არბიტრით გაუწევს ადმინისტრირებას, საარბიტრაჟო მოსაკრებლების ერთი ნაკრებით და ერთი მოსმენით, რომელიც ვიდეო კონფერენციით, ან არბიტრის მიერ, ყოველი ჯგუფისთვის შერჩეულ ადგილზე გაიმართება. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილი ბათილად ან აღუსრულებლად ჩაითვლება კონკრეტული მოსარჩელის ან ჯგუფის მიმართ, იგი გამოიყოფა და განიხილება ინდივიდუალური სამართალწარმოების გზით.

გაყოფადობა. თუ ამ საარბიტრაჟო პირობების რომელიმე ნაწილი აღმოჩნდება არალეგალური ან არააღსრულებადი, დანარჩენი ნაწილი ძალაში დარჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწილობრივი არალეგალურობის ან არააღსრულებადობის აღიარება ჯგუფურ არბიტრაჟს, ჯგუფურ მოქმედებას ან წარმომადგენლობით მოქმედებას დაუშვებს, ამ შემთხვევაში დავების გადაწყვეტის მთელი ეს ნაწილი სრულად არააღსრულებადი გახდება.

საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საჩივრები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები დაირღვა, გთხოვთ, შეტყობინება ქვემოთ მოცემულ მისამართზე გამოგზავნოთ ან ეს ფორმა შეავსოთ. ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ან გავთიშოთ კონტენტი, რომელიც, ჩვენი აზრით, არღვევს წინამდებარე პირობებს ან სადაცაა საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდება არსებობს, და საჭიროების შემთხვევაში, გავაუქმოთ იმ მომხმარებლების ანგარიშები, რომლებიც განმეორებით არღვევენ წესებს.

OpenAI Foundation

555 Florida Street, Suite 220

San Francisco, CA 94110

Attn: მთავარი მრჩეველი / საავტორო უფლებების აგენტი

საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ წერილობითი პრეტენზიები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • საავტორო უფლებების მფლობელის სახელით მოქმედი უფლებამოსილი პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა

  • საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების აღწერა, რომელიც თქვენი აზრით, დაირღვა

  • იმის აღწერა, თუ ჩვენს საიტზე სად მდებარეობს მასალა, რომელიც სავარაუდოდ, საავტორო უფლებებს არღვევს, რათა მისი პოვნა შევძლოთ

  • თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი

  • თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ კეთილსინდისიერად გწამთ, რომ სადავო ფორმით გამოყენება არ არის ნებადართული საავტორო უფლებების მფლობელის, მისი აგენტის ან კანონის მიერ.

  • თქვენი განცხადება, რომ თქვენს შეტყობინებაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია ზუსტია და ცრუ ჩვენებისთვის დასჯის მუქარის ქვეშ, თქვენ ხართ საავტორო უფლებების მფლობელი ან უფლებამოსილი ხართ, საავტორო უფლებების მფლობელის სახელით იმოქმედოთ.

ზოგადი პირობები

უფლებამოსილების გადაცემა. თქვენ არ შეგიძლიათ ამ პირობების შესაბამისად რაიმე უფლების ან ვალდებულების მინიჭება ან გადაცემა და ამის ნებისმიერი მცდელობა გაბათილდება. ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ჩვენი უფლებები ან ვალდებულებები, ამ პირობების შესაბამისად, ნებისმიერ შვილობილ, აფილირებულ კომპანიას ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული ბიზნესის სამართალმემკვიდრეს.

ცვლილებები ამ პირობებში ან ჩვენს სერვისებში. ჩვენი სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ. შესაძლოა, დროდადრო ეს პირობები ან ჩვენი სერვისები განვაახლოთ. მაგალითად, შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ამ პირობებში ან სერვისებში შემდეგი მიზეზების გამო:

  • კანონმდებლობაში ან მარეგულირებელ მოთხოვნებში ცვლილებები.

  • დაცვის ან უსაფრთხოების მიზეზები.

  • ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა არსებული გარემოებები.

  • ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მომსახურებების განვითარების ჩვეულ რეჟიმში.

  • ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება.

ჩვენ მინიმუმ 30 დღით ადრე შეგატყობინებთ წინამდებარე პირობებში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც თქვენზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს, ელექტრონული ფოსტის ან პროდუქტში არსებული შეტყობინების მეშვეობით. ყველა სხვა ცვლილება ძალაში შევა ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თუ ცვლილებებს არ ეთანხმებით, ჩვენი სერვისების გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.

წინამდებარე პირობების აღსრულების დაგვიანება. ჩვენ მიერ რომელიმე დებულების აღსრულების შეუსრულებლობა არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან ამ უფლებაზე უარის თქმას და არ ზღუდავს მისი მოგვიანებით გამოყენების უფლებას. იმ შემთხვევების გარდა, რაც ზემოთ, დავების გადაწყვეტის განყოფილებაშია გათვალისწინებული, თუ ამ პირობების რომელიმე ნაწილი არასწორი ან არააღსრულებადია, ის მაქსიმალურად დასაშვები ხარისხით აღსრულდება და ეს სხვა პირობების აღსრულების შესაძლებლობაზე არ იმოქმედებს.

სავაჭრო კონტროლები. თქვენ უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი სავაჭრო კანონი, მათ შორის სანქციების და ექსპორტის კონტროლის კანონები. ჩვენი სერვისების გამოყენება , ან მათი საექსპორტოდ ან რეექსპორტისთვის გამოყენება არ შეიძლება(ა) ნებისმიერ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, რომელზეც აშშ-ის ემბარგო ვრცელდება, ან (ბ) ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, რომელთანაც ურთიერთობა აკრძალული ან შეზღუდულია მოქმედი სავაჭრო კანონმდებლობით.

ჩვენი სერვისების გამოყენება არ შეიძლება იმ საბოლოო გამოყენებისთვის, რომელიც მოქმედი სავაჭრო კანონმდებლობით აკრძალულია, და თქვენი შენატანი არ უნდა შეიცავდეს მასალას ან ინფორმაციას, რომელიც მთავრობის ლიცენზიას საჭიროებს გავრცელებისთვის ან ექსპორტისთვის.

სრული შეთანხმება. წინამდებარე პირობები მოიცავს სრულ შეთანხმებას თქვენსა და OpenAI Foundation-ს შორის სერვისებთან დაკავშირებით და, სერვისის სპეციფიკური პირობების გარდა, ანაცვლებს თქვენსა და OpenAI Foundation-ს შორის არსებულ ნებისმიერ წინა ან თანადროულ შეთანხმებას.

მარეგულირებელი კანონი. წინამდებარე პირობები დარეგულირდება კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, მისი კოლიზიური ნორმების პრინციპების გამორიცხვით. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ზემოთ, დავის გადაწყვეტის განყოფილებაშია გათვალისწინებული, ყველა სარჩელი, რომლებიც ამ პირობებიდან გამომდინარეობს ან მათ უკავშირდება, ექსკლუზიურად სან ფრანცისკოს, კალიფორნიის ფედერალურ ან შტატის სასამართლოებში განიხილება.