მედეგობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
ხელოვნური ინტელექტი, ზოგადი დანიშნულების ტექნოლოგიები და რატომაა მედეგობა ჩვენი თაობის საქმე.
OpenAI Foundation არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ მუშაობდეს.
ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ, რათა ფეხი ავუწყოთ თავად ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას. აპრილში OpenAI Foundation-მა გამოაცხადა ჩვენი პირველი 100 მილიონ $-იანი გრანტი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა დაავადების, მაგალითად — ალცჰაიმერის, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობას. გასულ კვირას გამოვაცხადეთ პროგრამის „Jobs and Economic Futures“ შექმნის შესახებ. ის ემსახურება მომავალი თაობებისთვის შრომისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის გაგებასა და ჩამოყალიბებას.
დღეს ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ხედვას შემდეგი მნიშვნელოვანი პროგრამისთვის, რათა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ისევე სწრაფად გაიზარდოს საზოგადოების მიერ მისი ეფექტიანად გამოყენების უნარიც. ამ საქმიანობას ჩვენ ვუწოდებთ ხელოვნური ინტელექტის მედეგობას: ეკოსისტემურ მიდგომას, რომელიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის რისკების შესამცირებლად, რათა საზოგადოებამ შეძლოს მისი სარგებლის მაქსიმალურად გამოყენება.
ჩვენი მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩვენი მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე მოკლე თვის განმავლობაში OpenAI Foundation მუშაობს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის მედეგობის ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაასრულოს 130 მილიონ $-ზე მეტი მოცულობის გრანტების ორგანიზაციებისთვის გადაცემა. აღნიშნული გრანტების შესახებ ინფორმაცია მალე საჯაროდ გამოქვეყნდება და სამომავლოდ მათი მოცულობაც კიდევ უფრო გაიზრდება.1
ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების მოდელები
ხელოვნური ინტელექტის მედეგობის მნიშვნელობა ყველაზე კარგად გასაგები ხდება წარსული ტექნოლოგიების ჭრილში, რადგან მათი მეშვეობით არსებითად განისაზღვრა კაცობრიობის ისტორია.
დროდადრო ჩნდება ტექნოლოგია, რომელიც საზოგადოებას ძირფესვიანად გარდაქმნის. ეკონომისტები ამას „ზოგადი დანიშნულების ტექნოლოგიებს“ უწოდებენ. ცეცხლი. საბეჭდი პრესა. ელექტროენერგია. ინტერნეტი. თითოეულმა მათგანმა გაიარა განვითარების მსგავსი ეტაპები: სწრაფი ინოვაცია, რეალური რისკები და ინსტიტუტები, რომლებიც გამალებით ცდილობდნენ მათთვის ფეხის აწყობას. მაგრამ თითოეული მაგალითი მიუთითებს იმაზეც, თუ რა არის საჭირო საიმისოდ, რომ მძლავრი ტექნოლოგია უსაფრთხო გახდეს.
ცეცხლმა შესაძლებელი გახადა კაცობრიობის ცივილიზაცია. ის გვათბობდა, საჭმელს გვიმზადებდა მტაცებლებისგან გვიცავდა. მან ჩვენი ქალაქები ფერფლადაც აქცია. დროთა განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებამ განავითარა მედეგობა: ცეცხლგამძლე მასალები, ჰიდრანტების ქსელები, პროფესიული სახანძრო სამსახურები და სამშენებლო ნორმები. ეკოსისტემა, რომელიც ფენა-ფენა ყალიბდებოდა.
იგივე გზა გაიარა ელექტროენერგიამაც. მას შემდეგ, რაც 1882 წელს ედისონის პერლ-სტრიტის სადგურმა მანჰეტენი გაანათა, ელექტროენერგიამ თან მოიტანა ხანძრები, ელექტრონის სკამზე დასჯები და საზოგადოებრივი პანიკა. დამცავი ზომების, მაგალითად, იზოლირებული სადენების, ავტომატური ამომრთველებისა და ელექტროუსაფრთხოების ნორმების გარეშე ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში მომუშავეები და გამვლელები დენით იღუპებოდნენ. ქალაქებში მსჯელობდნენ იმაზე, მთლიანად უნდა შეწყვეტილიყო თუ არა ექსპერიმენტი. სანაცვლოდ, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, შევქმენით ტესტირების დამოუკიდებელი ორგანოები (როგორიცაა Underwriters Laboratories), დარგობრივი სტანდარტები (როგორიცაა ეროვნული ელექტროკოდექსი (NEC) აშშ-ში) და საჯარო ინვესტიციები, რომლებმაც ელექტროენერგია მიიტანა იმ საზოგადოებებამდე, რომლებიც ბაზარმა უყურადღებოდ დატოვა. თითოეულმა ნაბიჯმა ელექტროენერგია უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახადა; დღეს ის იმდენად უსაფრთხოა, რომ ბავშვსაც კი შეუძლია ჩამრთველის გადართვა და შუქის ანთება.
აი, ასე გამოიყურება მედეგობა, როცა ის სწორადაა ჩამოყალიბებული.
ხელოვნურ ინტელექტს მედეგობის ეკოსისტემა სჭირდება
ხელოვნური ინტელექტი მიჰყვება იმავე ტრაექტორიას, რომელსაც მიჰყვება მოწინავე ტექნოლოგიები, თუმცა ის წინ უპრეცედენტო სიჩქარით მიიწევს.
ჩვენ ჯერ კიდევ მისი განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ სარგებელი უკვე ნათელია: ხელოვნური ინტელექტი ამცირებს ბიზნესის დაწყების ბარიერებს, აფართოებს განათლებაზე წვდომას, აჩქარებს სამეცნიერო აღმოჩენებს და გარდაქმნის მედიცინას.
ამავდროულად, რისკებიც ისეთივე სისწრაფით — ხელოვნური ინტელექტის სარგებლის სარკისებური ანარეკლის მსგავსად — იჩენს თავს. ზრდის იმავე დონეს, რომელიც ახალ ინდუსტრიებს ქმნის, შეუძლია არსებული ინდუსტრიები საფუძვლიანად შეცვლა და კარიერული გზები შეფერხება. იმავე სისტემებს, რომლებსაც ახალგაზრდებისთვის სწავლასა და შექმნაში დახმარება შეუძლია, არასასურველი ქცევისთვის ხელის შეწყობაც შეუძლია. ინსტრუმენტებს, რომლებიც ბიოლოგიურ კვლევას აჩქარებს, მავნე პათოგენების შექმნის ბარიერის შემცირებაც შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის მიერ კოდის წერის უნარმა კი, არასწორ ხელში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
OpenAI-ს გუნდი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე მიიჩნევდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ტექნიკური შესაბამისობის პრობლემის გადაჭრაზე იყო დამოკიდებული. ეს საკითხი კვლავ კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია და ჩვენი საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად რჩება, მაგრამ ახლა მიგვაჩნია, რომ ის თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია. ხელოვნური ინტელექტის სექტორებსა და ქვეყნებში გავრცელებასთან ერთად საზოგადოებას ასევე დასჭირდება დამოუკიდებელი კვლევა, საჯარო ინფრასტრუქტურა, ინდუსტრიის კოორდინაცია და ექსპერტიზის სრულიად ახალი სფეროები. მოკლედ, ამისთვის საჭირო იქნება ხელოვნური ინტელექტის მედეგობა.
გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საწყისი ძალისხმევა მივმართოთ ოთხ მიმართულებაზე2, რომლებიც მასშტაბური, ახლოვადიანი რისკებისა და დაუყოვნებელი გავლენის გადაკვეთის წერტილშია:
ბიომედეგობა — მომავალში ხელოვნურად შექმნილი პანდემიების თავიდან აცილების ხელშესაწყობად;
კიბერმდგრადობა — ჩვენი მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ხელოვნური ინტელექტის მოდელების უსაფრთხოება — ჩვენ მიერ შექმნილ მოდელებზე კაცობრიობის კონტროლის გასამყარებლად; და
ხელოვნური ინტელექტის გავლენა ახალგაზრდებზე — მომავალი თაობებისთვის ტექნოლოგიების დადებით ძალად ქცევაში ხელშესაწყობად.
ჩვენი სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულ სფეროში მეტი ინფორმაცია გავაზიაროთ ჩვენი სტრატეგიებისა და საწყისი გრანტების შესახებ და დროთა განმავლობაში საქმიანობა სხვა მიმართულებითაც გავაფართოოთ.
ბიომედეგობა
ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიურ კვლევებს უპრეცედენტო სიჩქარით წინსვლის საშუალებას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამკურნალო საშუალებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებების შემუშავებას, ეს კი ყველას უფრო ჯანმრთელად და ხანგრძლივად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს. თუმცა სწორედ შესაძლებლობები ბოროტმოქმედებმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ, რაც მავნე პათოგენების შექმნის ბარიერს ამცირებს.
ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ბიოუსაფრთხოებაზე განახლებულ ყურადღებას მოითხოვს. რადგანაც ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემები ბოროტმოქმედმა პირებმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ფართო სპექტრის ბიოლოგიური საფრთხეების შექმნაში ხელშესაწყობად, უპირატესობას მივანიჭებთ ბიოუსაფრთხოების ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც დამოკიდებული არ იქნება კონკრეტულ პათოგენებზე. ამისთვის საჭირო იქნება ინვესტიციები პრევენციის, გამოვლენისა და დაცვის მიმართულებებით. ბოროტი განზრახვის მქონე პირებისთვის უნდა გავართულოთ წვდომა იმ ცოდნაზე, აღჭურვილობასა და მასალებზე, რომლებიც საჭიროა ბიოლოგიური საფრთხეების შესაქმნელად. უნდა გავაუმჯობესოთ ადრეულ ეტაპზე ახალი ეპიდაფეთქებების ამოცნობისა და მართვის შესაძლებლობა და უნდა გავაძლიეროთ ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა დამცავი აღჭურვილობა, შიდა სივრცეებში ჰაერის გაწმენდის სისტემები და სამედიცინო კონტრზომები, რომლებიც საჭიროა სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.
კიბერმედეგობა
ხელოვნურმა ინტელექტმა კიბერუსაფრთხოების გარემოს სწრაფი გარდაქმნა დაიწყო. სამუშაო, რომელიც ადრე სპეციალიზებულ გუნდებს სჭირდებოდა, ახლა შესაძლოა მძლავრი მოდელების დახმარებით შესრულდეს ან ავტომატიზებული გახდეს. ამავე დროს, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება შესაძლებელია კიბერუსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლადაც, მათ შორის, ხარვეზების გამოვლენის, აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების პროცესების დაჩქარების გზით.
საკუთარი სისტემების დასაცავად ბევრ დიდ კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია მნიშვნელოვანი რესურსების დახარჯვა კიბერუსაფრთხოებაში, რაც ხელოვნური ინტელექტის ახალი მიღწევების გამოყენებასაც მოიცავს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვანი რესურსები მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სუბიექტებზე, რომლებსაც ნაკლები რესურსი აქვთ და რომლებსაც ბევრად უფრო გაუჭირდებათ კიბერუსაფრთხოების ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის მზადმყოფი მექანიზმების საჭირო სისწრაფით დანერგვა. პარალელურად ჩვენ ვემზადებით უსაფრთხოების ახალი გამოწვევებისთვისაც, რომლებსაც ზოგადი ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად მოიტანს.
ხელოვნური ინტელექტის მოდელის უსაფრთხოება
ხელოვნური ინტელექტის მოდელის უსაფრთხოება ფოკუსირებულია თავად სისტემების ქცევაზე — იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სიმართლეს, სანდოობასა და ადამიანის განზრახვებს. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები არასწორად განვითარდება, მოდელებმა შესაძლოა თავი დააღწიოს შეზღუდვებს და გამოავლინოს არაპროგნოზირებული ქცევა, მოგვატყუოს ან გასცდეს იმ მიზნებს, რომლებისთვისაც ისინი შეიქმნა. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო ავტონომიური ხდება და უახლოვდება ადამიანის ინტელექტს — საბოლოოდ კი გადააჭარბებს მას.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიები მნიშვნელოვან რესურსებს აბანდებენ მოდელის უსაფრთხოებაში. თუმცა ამ გამოწვევის მნიშვნელობა მოითხოვს უფრო ფართო და უფრო ძლიერ ეკოსისტემას: დამოუკიდებელ ინსტიტუტებს მოდელების უსაფრთხოების შესაფასებლად, საჯარო ინფრასტრუქტურას პრაქტიკაში მოდელების უსაფრთხო დანერგვის დასადასტურებლად და შესაბამისობის მეცნიერებაში უწყვეტ პროგრესს, რომელიც ამ სფეროს ფართოდ წასწევს წინ.
ხელოვნური ინტელექტის გავლენა ახალგაზრდებზე
ახალგაზრდები ხშირად პირველები არიან ახალ ტექნოლოგიების ათვისებაში და იყენებენ მათ სწავლის, შექმნის, კომუნიკაციისა და სამყაროს შესწავლისთვის. გამონაკლისი არც ხელოვნური ინტელექტია. მაგრამ რადგანაც ეს ინსტრუმენტები ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო დიდი ნაწილი ხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მისი გავლენის შესაფასებლად შევქმნათ მტკიცებულებათა უფრო მყარი ბაზა.
ოჯახები, სკოლები, პოლიტიკის შემმუშავებლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის შედიან ახალგაზრდები ურთიერთქმედებაში ხელოვნურ ინტელექტთან, მათ შორის, რა გავლენას ახდენს ის ადამიანურ კავშირებზე, სწავლასა და განვითარებაზე. ჩვენი საწყისი ფოკუსი დამოუკიდებელი კვლევების ხელშეწყობა იქნება, რაც დაგვეხმარება აღნიშნული გადაწყვეტილებების წარმართვაში — რათა უკეთ გავიაზროთ, თუ სად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს განვითარების მხარდაჭერა, რა რისკები შეიძლება წარმოშვას მან რა კონტექსტები აყალიბებს ამ გავლენებს.
ეს მიგნებები საფუძვლად უნდა დაედოს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ფართო სტანდარტებსა და მისი შექმნის პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი პროდუქტი, როგორ გადაწყვეტენ სკოლები მათ დანერგვას და როგორ გადაწყვეტენ ოჯახები ამ ტექნოლოგიების თავიანთ ცხოვრებაში ჩართვას.
სამომავლო სამუშაო
ხელოვნურ ინტელექტსა და მასზე ადრე არსებულ ტექნოლოგიებს შორის ერთი არსებითი განსხვავებაა: სიჩქარე.
ცეცხლისადმი მედეგობის ჩამოყალიბებას ათასწლეულები დასჭირდა. ელექტრომომარაგების მედეგობის მიღწევას ათწლეულები დასჭირდა. ხელოვნური ინტელექტის მედეგობა სულ რამდენიმე წელიწადში ვითარდება. სისტემები, რომლებიც მას უსაფრთხოს, საიმედოსა და საყოველთაოდ სასარგებლოს ხდის, მის პარალელურად უნდა შეიქმნას.
თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა თანამედროვე ცხოვრების ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის ნაწილად იქცეს — გააფართოოს ცოდნაზე წვდომა, დააჩქაროს აღმოჩენები და გლობალური მასშტაბით გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება.
მაგრამ ეს შედეგი გარანტირებული არ არის. ზოგადი დანიშნულების არცერთი ტექნოლოგია არასოდეს ყოფილა უსაფრთხო.
მდგრადობა არის მუდმივი დისციპლინა, რომელიც მრავალი ადამიანის და ინსტიტუციის მიერ შექმნას, ინვესტირებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ესაა საქმე, რომელიც სამომავლოდ მოგველის და ის ჩვენი დროის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოწვევაა. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შემოგვიერთდებით.
სქოლიოები
- 1
ხელოვნური ინტელექტის მედეგობის, ასევე, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და დაავადებების მკურნალობის მიმართულებით OpenAI Foundation მომდევნო წლის განმავლობაში რამდენიმე პროგრამაში 1 მილიარდი $-ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი 25 მილიარდი $-ის ინვესტირებას გეგმავს.
- 2
ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური გავლენები ხელოვნური ინტელექტის მედეგობის უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილია. ეკონომიკური გარდაქმნის მასშტაბის გათვალისწინებით ფონდი ამ მიმართულებას ცალკე პროგრამად ავითარებს. წაიკითხეთ მეტი აქ.
- Acknowledgements: Jeff Arnold, Naomi Bashkansky, Sean Coey, Rebecca Distler, Adrien Ecoffet, Tarun Gogineni, Mike Heimowitz, Alice Lee, Leyan Lo, Rodney Manabat, Mike McCormick, Cody Nguyen, Yonadav Shavit, Kendal Simon, Divya Siddarth, Jacob Trefethen.
მადლობას ვუხდით ზაკ სიმსს ამ ერთეულის შემუშავებაში დახმარებისთვის.