AI-ის სარგებლის გაფართოება, ხმოვანი ტექნოლოგიით დაწყებული

ავტორი: Anna Makanju

დღეს OpenAI Foundation შეუერთდა გეიტსის ფონდსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ პარტნიორებს, რომლებმაც აიღეს საერთო ვალდებულება, რომ AI მსოფლიოს ყველა ენაზე მუშაობდეს.

AI-ის სიკეთეებით სარგებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ენაზე საუბრობს ადამიანი. თუმცა მილიარდობით ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ენებიც ტექნოლოგიების ყურადღების მიღმა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა, დღევანდელი AI მოდელები ჯერ კიდევ გაცილებით ნაკლებად ქმედითი და სასარგებლოა.

იმისთვის, რომ AI-ის სიკეთეებით ფართო საზოგადოებამ ისარგებლოს, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მწირი რესურსების მქონე ენებზე მოდელების მუშაობის გაუმჯობესებას ვაქცევთ. დავიწყებთ ხმოვანი AI-ისთვის საჭირო მონაცემებითა და ინფრასტრუქტურით, რადგან ამ სფეროში მუშაობის ხარისხსა და ხელმისაწვდომ მონაცემებთან დაკავშირებული ხარვეზები განსაკუთრებით დიდია. ყურადღებას გავამახვილებთ ენებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, საკმარის კომერციულ ინვესტიციას ვერ მოიზიდავს.

ბევრი ადამიანისთვის მეტყველება ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ბუნებრივი და ხელმისაწვდომი გზაა. ქმედითი ხმოვანი მოდელები ჩვენს გრანტის მიმღებებსა და ბევრ სხვა ორგანიზაციას გაცილებით მეტი თემის მომსახურებაში დაეხმარება. ჯანდაცვის სამსახურში დარეკვისას პაციენტს შეეძლება აღწეროს სიმპტომები, დამატებით კითხვებს საკუთარ ენაზე უპასუხოს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. ფერმერს შეეძლება საკუთარ ენაზე ხმამაღლა დასვას კითხვა და მიიღოს მისი მიწისა და მოსავლისთვის მორგებული რჩევა დარგვის შესახებ.

მსოფლიოში უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციის, BRAC-ის აღმასრულებელი დირექტორი ასიფ სალეჰი ამბობს: „როდესაც [BRAC]-მა ბანგლადეშში ჩვენი ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის AI ჩანაწერების სისტემის შექმნა დაიწყო, ბენგალურ ენაზე მოდელების შეზღუდულმა შესაძლებლობებმა შეგვაჩერა. თემებისთვის, რომლებსაც ვემსახურებით, ხმოვანი ურთიერთქმედება ამ ტექნოლოგიის გამოყენების ერთადერთი პრაქტიკული გზაა. ამიტომ, ჩვენს მსგავს ენებზე მისი გამართულად მუშაობა განსაზღვრავს, ნამდვილად სასარგებლო იქნება თუ არა AI იმ 145 მილიონი ადამიანისთვის, ვისთანაც ვმუშაობთ, თუ მათ ცხოვრებაში თითქმის ვერაფერს შეცვლის“.

იმისთვის, რომ AGI-მ სარგებელი მოუტანოს მთელ კაცობრიობას, ამ გამოწვევის დაძლევაში მნიშვნელოვანი წინსვლაა საჭირო. ვამაყობთ, რომ იმ ორგანიზაციების, ქვეყნებისა და ლიდერების კოალიციის წევრები ვართ, რომლებმაც ამ უთანასწორობის აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, პარტნიორებთან ერთად საქმიანობის განვითარებასთანავე მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ.

მინდორში მდგარ ქალს სმარტფონი პირთან ახლოს უჭირავს.