ეკონომიკური პერსპექტივები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
OpenAI Foundation ფონდი იღებს ვალდებულებას, საწყის ეტაპზე 250 მლნ $ გამოყოს დაცული და აყვავებული ეკონომიკური მომავლის შესაქმნელად.
ფონდი საწყის ეტაპზე 250 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს გრანტების, პარტნიორობებისა და პირდაპირი საქმიანობისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს დაცული და აყვავებული ეკონომიკური მომავლის შექმნას.
ეკონომიკური სისტემები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და აზრიანი ცხოვრების შექმნის შესაძლებლობა მისცეს. ძალიან ხშირად ისინი ვერ ასრულებს დასახულ მიზანს. ხელოვნური ინტელექტი მასშტაბურ ეკონომიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ადრე ნაკლებად ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს გახდის. დიდი გაურკვევლობა არსებობს იმის შესახებ, რამდენად მასშტაბური იქნება და რა სისწრაფით განვითარდება ეს პროცესები. შესაძლებლობების ასეთი ფართო სპექტრი ქმნის განსაკუთრებულ შანსს, ავაგოთ სისტემები, რომლებიც ადამიანებს უკეთესი ცხოვრების საშუალებას მისცემს როგორც ახლა, ისე მომავალში. მაგრამ ცვლილებების ამჟამინდელი ტემპი ნიშნავს, რომ დრო, რომელიც სწორად მოქმედებისთვის გვაქვს, იმაზე მოკლეა, ვიდრე მიჩვეული ვართ, ხოლო შეცდომის საფასური უზარმაზარია.
იმისთვის, რომ მომავლისთვის მოვემზადოთ, არ არის საჭირო იმის ზუსტად ცოდნა, თუ როგორ განვითარდება ის. ამ პროგრამის მიზანია, რესურსებით უზრუნველყოს კონკრეტული ორგანიზაციული გადაწყვეტები, რომელთა გამოცდა, მართვა, გადახედვა და მასშტაბირება შესაძლებელია. ჩვენ სამი მიმართულებით ვიმუშავებთ:
ცვლილების გააზრება: ინვესტირება დამოუკიდებელი გაზომვისა და პროგნოზირების ინფრასტრუქტურაში, რათა შეიქმნას უფრო ნათელი წარმოდგენა ეკონომიკაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ.
გარდამავალი პროცესის მხარდაჭერა: თანამშრომლებისა და თემების რესურსებით უზრუნველყოფა მოკლევადიანი მნიშვნელოვანი ცვლილებების პირობებში.
ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება: ახალი მიდგომების მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შემდგომი პოლიტიკური ეკონომიკური სისტემების ორგანიზებისთვის და ეკონომიკური სარგებლის ფართო განაწილება ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.
ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური გავლენა ფართოდ გავრცელდება, ხოლო ადამიანების გამოცდილება ჩვენს აზროვნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან ერთად ადამიანებს მოვუწოდებთ, მოყვნენ, რას ამჩნევენ თავიანთ საქმიანობაში, თემებსა თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს ხედვები დაგვეხმარება, გავიგოთ, რა შეიძლება გამორჩეს ფორმალურ კვლევას. ეს კოლექტიური მონაწილეობისთვის უფრო ფართო არხების შექმნისკენ გადადგმული ადრეული ნაბიჯია ფონდის საქმიანობის პარალელურად.
ცვლილებების გააზრება
ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საიმედო გზები, რომ პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის და მომავალში როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკას. სისტემები, რომლებსაც საზოგადოება ეყრდნობა ეკონომიკური ცვლილებების გასაზომად და ასახსნელად, სხვა ეპოქისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომავლის შექმნას.
მთავარი შეკითხვა არა მხოლოდ ისაა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, არამედ ისიც, თუ სად გროვდება მის მიერ შექმნილი ღირებულება: დასაქმებულებთან ხელფასების სახით, კომპანიებთან მოგების მარჟების მეშვეობით, მომხმარებლებთან უფრო დაბალი ფასებისა და უკეთესი მომსახურებების სახით, მთავრობებთან საგადასახადო ბაზის მეშვეობით თუ კაპიტალის მფლობელებთან რენტის სახით. მაგალითად, თუ ხელოვნური ინტელექტი ღირებულებას ქმნის ციფრული პროდუქტების სახით და არა უფრო მაღალი ხელფასების სახით, შემოსავლების სტატისტიკაში ეს არ აისახება. თუ შემოსავალში შრომის წილი შემცირდება, დასაქმებულებს ნაკლები შესაძლებლობები ექნებათ მორიგების მხრივ და მშპ იმდენად ვერ გამოდგება კეთილდღეობის ირიბ მაჩვენებლად. გვჭირდება ისეთი საზომი, რომელიც თვალს ადევნებს, რისი გაკეთება და რაზე წვდომა შეუძლიათ ადამიანებს რეალურად და არა მხოლოდ იმას, რასაც ისინი გამოიმუშავებენ.
ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური გავლენების შესწავლასთან დაკავშირებული მრავალი თანამედროვე მიდგომა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რომელი დავალებების ავტომატიზებაა შესაძლებელი. ეს სასარგებლოა, მაგრამ არასრულია. ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ინტეგრირდება დავალებები სამუშაო ადგილებში, ანაცვლებს თუ არა ავტომატიზაცია ადამიანურ შრომას თუ ახალ როლებს, რომლებიც ადამიანურ შრომას ავსებს, როგორ იცვლება დავალებების განაწილება მოდელის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად და როგორ ახდენენ კომპანიები და სახელმწიფოები გადაწყობას ამ ცვლილებების შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებების გააზრებისთვის საჭიროა შრომის ბაზრის უკეთესი საჯარო ინფრასტრუქტურა მთელ მსოფლიოში: BLS-ის მსგავსი ორგანიზაციები დასაქმების, ხელფასების, გადასვლებისა და კომპანიების ქცევის გასაზომად და ასევე, O*NET-ის მსგავსი მოდერნიზებული სისტემები შრომითი საქმიანობის ასახვისთვის. ეს სისტემები უნდა იყოს რელევანტური გლობალური მასშტაბით და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებული დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ მონაცემებთან და ასევე, კარიერისა და თანამდებობის შესახებ ინფორმაციასთან.
თითოეული ქვეყანა თავისებურად გაივლის ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლის პროცესს. ადგილობრივ ეკონომიკაზე ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედების პირდაპირი გაზომვის გარდა, ჩვენ ასევე დავაფინანსებთ ეკონომიკურ შეფასებებს, რომ გავიგოთ, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანების დახმარება სხვადასხვა კონტექსტში. განსაკუთრებით, ეს ეხება დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება სწრაფად გააფართოოს შესაძლებლობები, გააძლიეროს საზოგადოებრივი სიკეთეები და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ მობილობას. ჩვენ გვაინტერესებს ისეთი მიდგომები, რომლებიც საფუძვლად დაედება იმას, რომ შეიქმნას რეგიონზე მორგებული ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ინსტიტუტები და გავრცელების მოდელები, რომ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლო გახდეს, როგორც ამას თვითონ ქვეყნების პირობები განსაზღვრავს.
გადასვლის მხარდაჭერა
ეკონომიკურ გარდაქმნებს ადამიანები პირდაპირ გრძნობენ, სანამ მათ სრულად გაიაზრებენ. ვაპირებთ, დავაფინანსოთ მიდგომები, რომლებიც ადამიანებს ახლავე უჭერს მხარს და ამავდროულად, საზოგადოებას უფრო გრძელვადიანი ცვლილებებისთვის მომზადებაში ეხმარება.
ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ მხარდაჭერა სამუშაოს ძიების პროცესში, უფრო მარტივი წვდომა უმუშევრობის დაზღვევაზე, გაფართოებული დაზღვევა ხელფასის დაკარგვისგან, დახმარება ახალ როლებში გამოცდილების გადასატანად და მზარდ სექტორებში გადასვლის გზები. გადამზადება გამოსავლის ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ გადამზადების ტრადიციული პროგრამების ეფექტიანობის მონაცემები არაერთმნიშვნელოვანია, ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლის დღის წესრიგი, სავარაუდოდ, უფრო ფართო უნდა იყოს. ამ ძალისხმევების შეფასება მკაცრი უნდა იყოს: უნდა გაიზომოს, იწვევს თუ არა ისინი სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას, სტაბილურობის ზრდას, უფრო ფართო შესაძლებლობებსა და მეტ რეალურ არჩევანს ადამიანების ეკონომიკურ ცხოვრებაში.
მიზანი მხოლოდ ხელახალი დასაქმება არ არის. ჩვენ გვაინტერესებს ისეთი მიდგომებიც, რომლებიც დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, გავლენა მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, ხოლო მოქალაქეებს — ხმის რეალურ უფლებას იმ ინსტიტუტებში, რომლებიც ეკონომიკურ ცვლილებებს აყალიბებს. სამუშაოს ხასიათის ცვლილების პარალელურად გვსურს, უკეთ გავიგოთ, როდის ქმნის ის მნიშვნელობის, მიზნისა და კმაყოფილების განცდას და როგორ შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ასეთ პირობებზე.
ამ ძალისხმევის განსახორციელებლად ჩვენ ასევე დავაფინანსებთ მთავრობებისა და სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ მათ რეალურად შეძლონ შედეგების მიღწევა. ყველაზე კარგად დაპროექტებული პროგრამაც კი ვერ იმუშავებს, თუ მისი გაშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ძლიერი ხელსაწყო მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოს შესაძლებლობების ზრდისა და საჯარო მომსახურებების განვითარების დასაჩქარებლად, ხოლო ჩვენ დავაფინანსებთ ამბიციურ ძალისხმევას, რომ ეს სინამდვილედ იქცეს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა კარგად იმუშაოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არსებული სისტემები ყველაზე ნაკლებად ემსახურება. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან გამკლავებაში, ჯანდაცვის სფეროში რეკომენდაციებზე წვდომასა და ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ადრე დეფიციტურ ექსპერტულ ცოდნას მოითხოვდა, შეიძლება ნამდვილ გამათანაბრებელ ფაქტორად იქცეს, განსაკუთრებით, მსოფლიოს იმ ნაწილებში, რომლებშიც აღნიშნული მომსახურებები მწირია ან საერთოდ არ არსებობს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ხელსაწყოები ხელმისაწვდომია, ფრთხილად ინერგება და იქმნება იმ ადამიანების გათვალისწინებით, რომლებმაც ისინი უნდა გამოიყენონ. ეფექტიანი მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება სექტორებისა და გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. ჩვენ მივესალმებით ინოვაციურ იდეებს და საპილოტო პროექტებს მასშტაბურად დავაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე ვისწავლით.
ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება
აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა არსებობს იმ ცვლილებების ტემპსა და მასშტაბზე, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი მოიტანს. მიუხედავად ამისა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრული სიცხადის მოლოდინში დრო დავკარგოთ.
ზემოთ აღწერილი გარდამავალი ზომები არ არის შექმნილი ისეთი სცენარებისთვის, რომლებშიც ავტომატიზაცია ჩქარდება, ეკონომიკური სარგებელი მკვეთრად კონცენტრირდება, ხოლო შემოსავლის ის წილი, რომელიც ხელფასების სახით მიედინება, მნიშვნელოვნად იცვლება. ასეთ სცენარებში საზოგადოებას, სავარაუდოდ, დასჭირდება ახალი მიდგომები, რომლებიც ადამიანებს მისცემს მყარ წილს ღირებულების შემქმნელ სისტემებში. გვსურს, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პერსპექტიული მიდგომები შემოწმებად გადაწვეტებად გადაიქცეს იდეებიდან: განვმარტოთ, როგორ დაფინანსდება ისინი, რომელი ინსტიტუტები გაუწევენ მათ ადმინისტრირებას, რა რისკები შეიძლება გაჩნდეს და რა მონაცემები გვიჩვენებს, მუშაობს თუ არა ისინი.
რაც შეეხება შემოსავლებს, უკვე მზადაა სერიოზული წინადადებები, რომელთა შესწავლა და საპილოტო პროგრამების მეშვეობით გამოცდა ღირს: საგადასახადო ტვირთის გადატანა შრომიდან კაპიტალსა და ეკონომიკურ რენტაზე, გაუთვალისწინებელ მოგებასა თუ ჭარბ შემოსავლიანობასთან დაკავშირებული მექანიზმები და საჯარო ან სუვერენულ კეთილდღეობის ფონდებთან დაკავშირებული მიდგომები, რომლებიც ეყრდნობა ისეთ მოდელებს, როგორიცაა ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი და ალასკის მუდმივი ფონდი. ღრმა გაურკვევლობის პირობებში შეიძლება საჭირო გახდეს ფისკალური მექანიზმების ადაპტურობა. საგადასახადო განაკვეთები, შენატანების წესები ან დივიდენდების ფორმულები შეიძლება კორექტირდეს ისეთი დამზერილი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა სარგებლის კონცენტრაცია, შრომის წილის ცვლილება შემოსავალში, განთავისუფლება ან ჭარბი შემოსავლები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც განაწილებას ეხება: როგორ მივცეთ ადამიანებს მყარი უფლებები ფართო ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობის მისაღებად ისეთი მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა შემოსავალი, კაპიტალი, საზოგადოებრივი სიკეთეები, არსებითი მომსახურებები, სამუშაო ადგილები ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები, გამოთვლით რესურსებზე წვდომა და მონაცემთა მართვის ახალი ფორმები. მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ადამიანების მხარდაჭერა ეკონომიკური ცვლილებების პროცესში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებები მიიღება, არამედ მათთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მონაწილეობა მიიღონ და ხმა მისცენ იმას, თუ როგორ წარიმართება აღნიშნული ცვლილებები.
მომავალი სამუშაოს დიდი ნაწილი არა მხოლოდ ემპირიული, არამედ არქიტექტურული ხასიათისაც იქნება და მოითხოვს ისეთი სისტემების წარმოდგენას, რომლებიც ჯერ არ არსებობს. მხარს დავუჭერთ კვლევით ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას ამ სამუშაოს ფარგლებში. განსაკუთრებით გვაინტერესებს მრავალაგენტიანი ეკონომიკური სიმულაციები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმის მოდელირებისთვის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკები შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად, რასაც თან ერთვის სცენარების დაგეგმვა მომავლის შესაძლო ვარიანტების ფართო სპექტრისთვის.
დასკვნა
ვეძებთ ამბიციურ პროექტებს, რომლებიც გარდამტეხი ცვლილებების მასშტაბს შეესაბამება, მათ შორის, იდეებს, რომლებზეც ჯერ არ გვიფიქრია, და საქმიანობას, რომლის მასშტაბირებაშიც შეგვიძლია დახმარება. სიხარულით მივიღებთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე მეტად საჭირო.
250 მლნ $ მოხმარდება გარე ორგანიზაციების მხარდაჭერას გრანტების, ღია კონკურსებისა და ინსტიტუციური პარტნიორობების მეშვეობით, ხოლო ფონდი შექმნის გუნდს, რომელიც უშუალოდ წარმართავს საქმიანობას და ხელს შეუწყობს ამ სფეროში ამბიციური ახალი პროექტების წამოწყებას. ვგეგმავთ, რომ პირველი ინიციატივები მიმდინარე წლის ბოლოს გამოვაცხადოთ, ხოლო სიახლეებს პროცესის მიმდინარეობის პარალელურად გაგიზიარებთ. გვსურს, გავიგოთ, რომელი მიდგომები მუშაობს სინამდვილეში, და გავაძლიეროთ რესურსებით კარგად უზრუნველყოფილი, დამოუკიდებელი ეკოსისტემა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვარიანტები რეალურ შესაძლებლობებად აქციოს მანამ, სანამ მათი გადაუდებელი საჭიროება დადგება.
ჩვენ ახლა იმის დასაწყისში ვართ, რაც, სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე თაობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარდაქმნა იქნება. გვჯერა, რომ იმაზე მუშაობა, რომ ამ ცვლილებამ მთელი კაცობრიობისთვის სარგებელი მოიტანოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომლის შესრულებაც ფონდს ახლა შეუძლია, და ვაპირებთ, სწორედ ასე მივუდგეთ მას.
- Acknowledgements: Edede Oiwoh, Shantanu Jain