პოლ კრისტიანო OpenAI Foundation-ის საბჭოს უერთდება
პოლ კრისტიანო ასევე შეუერთდება ფონდის დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტს.
ვაცხადებთ პოლ კრისტიანოს დანიშვნას OpenAI Foundation-ის საბჭოს წევრად. ის ასევე იქნება OpenAI Group PBC-ის საბჭოს დამკვირვებელი ხმის უფლების გარეშე.
პოლი ასევე შეუერთდება ფონდის საბჭოს დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტს და იმუშავებს მის თავმჯდომარესთან, ზიკო კოლტერთან ერთად. დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტი ზედამხედველობს დაცულობისა და უსაფრთხოების პრაქტიკას მთელ OpenAI-ში, მათ შორის OpenAI Group PBC-ში.
პოლს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება ორი ადმინისტრაციის პერიოდიდან აქვს. ის მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სტანდარტებისა და ინოვაციების ცენტრში (CAISI), რომელიც სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST), აშშ-ის სამთავრობო სააგენტოს ნაწილია. ეს სააგენტო ვაჭრობის დეპარტამენტს ეკუთვნის; პოლი ცენტრის უფროსი ტექნიკური მრჩეველია. CAISI-ში და მის წინამორბედში — აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტში — მუშაობისას პოლი აფასებდა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენის მქონე შესაძლებლობებს, და მუშაობდა დაცულობისა და უსაფრთხოების თანმდევი რისკების შემცირების მიდგომებზე.
პოლი ასევე არის ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობის კვლევითი ცენტრის (ARC) დამფუძნებელი. ეს არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებული სისტემების ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობაზე. 2017–2021 წლებში პოლი OpenAI-ში ხელმძღვანელობდა ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობის კვლევებს და ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ადამიანის უკუკავშირის საფუძველზე განმამტკიცებელი სწავლების (RLHF) განვითარებაში. ამ ახალ როლში პოლი განსხვავებულ, ტექნიკური ცოდნით გამყარებულ ხედვას შესძენს მმართველობით გადაწყვეტილებებს, რომლებიც OpenAI-ის მისიისთვის უმთავრესია.
პოლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნური ინტელექტის ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობის კვლევის დარგის ჩამოყალიბებაში. მისი ზედმიწევნითი კვლევები ფოკუსირებულია ურთულეს საკითხებზე, რომლებიც სულ უფრო მძლავრი სისტემების განვითარებას ახლავს. მოწინავე ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასა და სტანდარტებზე სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური საკითხების შეფასების უნარი გააძლიერებს საბჭოს ზედამხედველობასა და დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობას, მაშინ როცა OpenAI მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შემუშავებასა და დანერგვას განაგრძობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძალიან სწრაფად განვითარდა, ხოლო ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კვლავ რთულ ტექნიკურ პრობლემად რჩება. ამის გამო დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტის პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანი, მისი შესრულება კი უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. მოხარული ვარ, რომ გუნდს ვუერთდები და ამ საქმეში წვლილს შევიტან.
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებაში ახალი ეპოქა იწყება. ამიტომ სულ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემების წინსვლას თან ახლდეს დაცულობისა და უსაფრთხოების მყარი მექანიზმები, ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობა და ეფექტიანი მმართველობა. ხელოვნური ინტელექტის ადამიანის ინტერესებთან შესაბამისობის კვლევის მთელი კარიერის განმავლობაში პოლი სერიოზულად განიხილავს შესაძლებლობას, რომ განვითარებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა კატასტროფული რისკები წარმოშვას. მისი ხედვით, შემქმნელები უნდა მოემზადონ მანამდე, სანამ სისტემების შესაძლებლობები უფრო სახიფათო დონეს მიაღწევს. ის დამოუკიდებელ პოზიციას გამოხატავს იმის თაობაზე, საკმარისია თუ არა ინდუსტრიაში არსებული დამცავი მექანიზმები. გვჯერა, რომ ფონდის მმართველობას აძლიერებენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ეჭვქვეშ დააყენონ გაბატონებული შეხედულებები და განამტკიცონ მტკიცებულებითი საფუძველი, დამცავი მექანიზმები და ანგარიშვალდებულება, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ეყრდნობა.
პოლის დანიშვნა ეფუძნება მმართველობის სტრუქტურას, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში OpenAI-ის რეკაპიტალიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს მოიცავს იმ ვალდებულებებსაც, რომლებიც კალიფორნიის გენერალური პროკურორისა და დელავერის გენერალური პროკურორის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ განხილვებთან დაკავშირებით იქნა აღებული. მათი ჩართულობა მმართველობის ჩარჩოს განმტკიცებას დაეხმარა.
OpenAI Foundation-ის შესახებ
OpenAI Foundation საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა მთელ კაცობრიობას მოუტანოს სარგებელი. როგორც ცალკე არაკომერციული ორგანიზაცია, ფონდი საკუთარ საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და ამავდროულად ინარჩუნებს კონტროლს OpenAI Group PBC-ზე და ფლობს მის მნიშვნელოვან წილს. ფონდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მეცნიერულ აღმოჩენებს, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და მედეგობის გაზრდას ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენებით. გრანტებით, პარტნიორობითა და სხვა საქველმოქმედო ინიციატივებით ფონდი აჩქარებს საქმიანობას, რომელსაც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს და ხელოვნური ინტელექტის გარდამქმნელ პოტენციალს უფრო მეტ ადამიანს უხდის ხელმისაწვდომს.
ფონდი აკონტროლებს OpenAI Group PBC-ს, ხოლო დაცულობისა და უსაფრთხოების კომიტეტი ფონდის საბჭოს კომიტეტია. მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებსაიტზე www.openaifoundation.org.
*უფროსი ტექნიკური მრჩევლის თანამდებობაზე პოლი აცილებას განაცხადებს OpenAI-სთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და მოდელების ყველა შეფასებაზე.
მეტი სიახლე
- ვეხმარებით ქალაქების ხელისუფლებას, მეტი გააკეთონ მოსახლეობისთვის
- თემების მხარდაჭერა: ადამიანზე ორიენტირებული AI-ის ფონდის 2026 წლის გრანტის მიმღებები
- ვაფართოებთ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებს, ხმოვანი ტექნოლოგიებით დაწყებული
- საჯარო მონაცემები ჯანმრთელობისთვის
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირება მცირე მეურნეებისთვის