ერთად შევქმნათ OpenAI Foundation-ი
OpenAI Foundation-ის მიზანია, ხელი შეუწყოს იმის უზრუნველყოფას, რომ AGI-მ სარგებელი მოუტანოს მთელ კაცობრიობას. გვჯერა, რომ ამ დაპირების შესასრულებლად მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარება საკმარისი არ იქნება. ამისთვის ხელოვნური ინტელექტი ახლებურად უნდა გამოვიყენოთ: გავაფართოოთ სამეცნიერო და სამედიცინო პროგრესის გავრცელების არეალი, გავაძლიეროთ მოქნილობა, გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები და შევქმნათ ორგანიზაციები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სარგებლად გარდაქმნიან.
ამ მიზნის მისაღწევად ვქმნით OpenAI Foundation-ს.
2026 წლის მარტში გამოვაცხადეთ Foundation-ის პირველი თანამშრომლების დაქირავების შესახებ და გავაზიარეთ ჩვენი მიზანი, მომდევნო წლის განმავლობაში სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი ჩავდოთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ცვლილებებისადმი მოქნილობა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და დაავადებების განკურნება და ხელოვნური ინტელექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და ფილანთროპიისთვის — და ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ.
ეს საქმიანობა უკვე მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს და ორიენტირებულია ისეთი გადაწყვეტების აღმოჩენასა და ფართოდ დანერგვაზე, რომლებსაც ხელშესახები ცვლილების მოტანა შეუძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ალცჰაიმერის მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ იყენებს, აძლიერებს ახალი ბიოლოგიური საფრთხეების გამოვლენის უნარს, სიცოცხლის გადამრჩენ სამედიცინო მიღწევებს უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის და სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება, გაერკვეს ხელოვნურ ინტელექტში და სარგებელი მიიღოს მისგან.
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
OpenAI Foundation-ს მნიშვნელოვანი რესურსები და ფართო მანდატი აქვს, მისი გუნდი კი ჯერ კიდევ მცირეა. გვინდა შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც სტარტაპისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპით იმოქმედებს, მნიშვნელოვან პრობლემებზე არსებით წინსვლას ახლავე მიაღწევს და აამოქმედებს პროგრამებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ამ პროგრესს შეინარჩუნებს და გაზრდის.
ამისთვის გვჭირდება გამორჩეული ადამიანები, რომლებიც როგორც ჩვენი პროგრამების, ისე თავად ორგანიზაციის შექმნაში დაგვეხმარებიან.
20-ზე მეტ პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას, მათ შორისაა:
ხელმძღვანელი მიმართულებისა „ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის წინააღმდეგ“ — დაგვეხმარეთ, აღმოვაჩინოთ ამ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები და გრძელვადიანი სიკეთე მოვუტანოთ პაციენტებსა და მათ ოჯახებს მთელ მსოფლიოში.
საგრანტო ოპერაციების ხელმძღვანელი — დაგვეხმარეთ, შევქმნათ სისტემები და პროცესები, რომლებიც ფილანთროპიის სფეროში უპრეცედენტო მასშტაბით გრანტების გაცემისთვისაა საჭირო.
ტალანტების მოზიდვის ხელმძღვანელი — დაგვეხმარეთ, სწრაფად შევქმნათ მსოფლიო დონის გუნდი: მოვიზიდოთ გამორჩეული ადამიანები საქმიანობის როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული სფეროებიდან და ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი განსაკუთრებულად ძლიერ ტალანტებს.
აპარატის ხელმძღვანელები შემდეგი მიმართულებებისთვის: ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ცვლილებებისადმი მოქნილობა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და დაავადებების განკურნება — დაგვეხმარეთ, ამბიციური სტრატეგიები გარდავქმნათ პროგრამებად და ინსტიტუტებად, რომლებსაც ხანგრძლივი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ასევე გვაქვს მრავალი სხვა პოზიცია ჩვენს პროგრამებსა და საოპერაციო გუნდებში.
იშვიათად გეძლევათ შესაძლებლობა, ორგანიზაციას ასეთ ეტაპზე შეუერთდეთ — როცა მისი მისია ამხელაა, მას მნიშვნელოვანი რესურსები უმაგრებს ზურგს და ორგანიზაციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესაქმნელია.
ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც ამბიციური ხედვა აქვთ იმისა, თუ რა შეიძლება გახადოს AI-მ შესაძლებელი, და ამავე დროს რეალისტურად აფასებენ ამ სარგებლის რეალობად ქცევისთვის საჭირო სამუშაოს. მეცნიერებს, რომლებსაც სურთ, აღმოჩენები მკურნალობის მეთოდებად აქციონ. გრანტების გამცემებს, რომლებსაც სურთ, მნიშვნელოვან საქმიანობას მანამდე დაუჭირონ მხარი, სანამ მისი მნიშვნელობა ყველასთვის აშკარა გახდება. ოპერაციულ სპეციალისტებს, რომლებსაც უჩვეულოდ ფართო მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის შექმნა სურთ. და ისეთი სფეროების წარმომადგენლებსაც, რომელთა საჭიროება შესაძლოა ჯერ არც კი ვიცოდეთ.
თუ გსურთ, თავი სწორედ ასეთ საქმეს მიუძღვნათ, შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად შექმენით OpenAI Foundation-ის შემდეგი ეტაპი.
იხილეთ ვაკანტური ადგილები: openaifoundation.org/careers
OpenAI Foundation-ის შესახებ
OpenAI Foundation-ი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის სარგებელი მთელი კაცობრიობისთვის. OpenAI Foundation-ი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სამეცნიერო აღმოჩენებს, აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას და პასუხისმგებლობიანი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ზრდის მოქნილობას. გრანტების, პარტნიორობებისა და სხვა ფილანთროპიული ინიციატივების მეშვეობით OpenAI Foundation-ი აჩქარებს საქმიანობას, რომელიც ხანგრძლივ საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის და ხელოვნური ინტელექტის გარდამქმნელ შესაძლებლობებზე წვდომას აფართოებს.
OpenAI Foundation-ი არის OpenAI PBC-სგან განცალკევებული არაკომერციული კორპორაცია, რომელიც თავისი საქველმოქმედო მისიის მხარდასაჭერად დამოუკიდებლად მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე www.openaifoundation.org.
მეტი სიახლე
- ვეხმარებით ქალაქების ხელისუფლებას, მეტი გააკეთონ მოსახლეობისთვის
- თემების მხარდაჭერა: ადამიანზე ორიენტირებული AI-ის ფონდის 2026 წლის გრანტის მიმღებები
- ვაფართოებთ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებს, ხმოვანი ტექნოლოგიებით დაწყებული
- საჯარო მონაცემები ჯანმრთელობისთვის
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირება მცირე მეურნეებისთვის